Site icon Civil.ge

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის Facebook-ის გვერდიდან

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, რომელიც თბილისს დღეს დილით ესტუმრა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე იმსჯელეს.

საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის როლს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციაში და დაარწმუნა პენტაგონის მაღალჩინოსანი, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სახით რეგიონში ერთგული მოკავშირე ჰყავს“.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამ კონტექსტში მან, აშშ-ისა და საქართველოს ჩართულობით ივნისში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებასა და გაეროში მის მიერვე გაჟღერებულ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივაზე“ გაამახვილა ყურადღება.

თავის მხრივ, ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი. „საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერდა მხარს აშშ-ს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში“, – დაწერა მან Twitter-ზე. „და მე მოხარული ვარ ამ შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – დასძინა მანვე.

საქართველოში ვიზიტის დასკვნით ნაწილში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ქართველ და სომეხ სამხედროებსაც შეხვდა. მანამდე, იგი თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი ინიციატივის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს შემდეგ, ლოიდ ოსტინი რუმინეთს და უკრაინას ეწვევა. 21-22 ოქტომბერს კი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)