არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საარჩევნო დავების პროცესი შეაფასეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” დღეს განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებს მათი „არცერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ“. ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერა და სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანა. „აქედან საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა დააკმაყოფილეს 4 საჩივარი და 1 სარჩელი“, – განაცხადეს „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.
რაც შეეხება ოქმებში არსებული დისბალანსის გამო ბიულეტენების ხელახალ გადათვლას, ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი 12 უბნიდან საოლქო კომისიებმა არცერთი გადათვალეს. ორგანიზაციის განმარტებით, კომისიებმა მხოლოდ საკუთარი ინიციატივით ან შემთხვევითი შერჩევით 7 უბანი გადაითვალეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, არც ზუგდიდის რაიონულმა და მოგვიანებით, არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის სარჩელი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ #11 მაჟორიტარული ოლქის 4 უბნის მხოლოდ ბათილი ბიულეტენების გადათვლის თაობაზე, რის საფუძველზეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, მანუჩარ ფიფიას ნაცვლად, გამარჯვება ქართული ოცნების კანდიდატს, სოსო გოგოხიას დარჩა.
ორგანიზაციისვე თქმით, სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მათი სარჩელები მძიმე დარღვევების, მათ შორის, „ამომრჩევლების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტების“ შესახებ.
„სამართლიანი არჩევნები“
„სამართლიანი არჩევნებმა“ 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში 346 საჩივარი წარადგინა, საიდანაც 56 საჩივარი დაკმაყოფილდა, 60 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 198 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, 28 განუხილველი დარჩა, ხოლო 4 საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოება კვლავ მიმდინარეობს.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 131 საარჩევნო უბნის შედეგების სრული ან ცალკეული მონაცემების გადათვლა მოითხოვა. აქედან 50 უბნის გადათვლაზე საოლქო საარჩევნო კომისიებმა უარი განაცხადეს, სრულად ან ნაწილობრივ კი – 81 უბანი გადაისინჯა, მათგან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე 61, ხოლო „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრების ფარგლებში 20 საარჩევნო უბნის მონაცემები შემოწმდა.
ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ სავარაუდოდ შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსების შესახებ დაწერილი 72 საჩივრიდან 42 არ დაკმაყოფილდა; 16 საჩივარი სრულად, 7 კი – ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 4 საჩივრის შესახებ ადმინისტარციული წარმოება მიმდინარეობს.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით წარდგენილი 17 საჩივრიდან 2 სრულად, ხოლო 1 საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
- სამმა არასამთავრობომ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა
- ცესკო: 812 უბნის გადათვლის შემდეგ, მონაცემები „მცირედით“ შეიცვალა
- ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)