საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა 17 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო გადაგებისას „საყოველთაო შერიგების“ წინააღმდეგ იქადაგა.
მოსაყდრის ქადაგება რამდენიმე სასულიერო პირის მიერ შერიგებისა და პატიების შესახებ განცხადებებს მოჰყვა. მათ აღნიშნულზე მას შემდეგ გაამახვილეს ყურადღება, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა და 1 ოქტომბერს დაკავების შემდეგ, შიმშილობა გამოაცხადა.
„დღეს რომ არის საუბარი საყოველთაო შერიგებაზე, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია“, – განაცხადა შიო მუჯირმა.
„ბოროტება უნდა შევაჩეროთ სიყვარულით, მოწყალებით, დარიგებით, ქველმოქმედებით“, – თქვა მანდე და დასძინა, რომ „ბოროტება ასევე უნდა შევაჩეროთ სამართლიანი სასჯელითაც“. „ასევე, ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებში, უნდა მოვიკვეთოთ ჩვენ ასეთი ადამიანი ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“, – ხაზი გაუსვა მანვე.
საგულისხმოა, რომ ზოგიერთმა სასულიერო პირმა ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციას და იგი საპატიმროშიც მოინახულა. მაგალითად, 13 ოქტომბერს ექსპრეზიდენტს საპყრობილეში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ესტუმრა.
„ჩვენ ყველანი, მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის ის, რომ შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა და შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი“, – განაცხადა მან ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ და დასძინა, რომ მან მიხეილ სააკაშვილს სთხოვა „მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე [და] მიტევებაზე“.
„ჩვენ მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი ერთმანეთისთვის“, – აღნიშნა მანვე.
15 ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი მოინახულა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემაც. ყოფილ პრეზიდენტთან შესვლამდე მან შერიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საზოგადოების გაერთიანების საქმეში სასულიერო პირებმა და ეკლესიამ მედიატორის როლი უნდა იტვირთონ.
„დიდი შერიგების“, ასევე „რევანშსა“ და „შურისძიებაზე“ უარის თქმის მნიშვნელობაზე თავად მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც 14 ოქტომბერს მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
ნიკა გვარამია შიო მუჯირს აკრიტიკებს
„მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მისსავე საავტორო გადაცემაში 17 ოქტომბერს შიო მუჯირს „მანტიაში შემოსილი აგენტი, სულიერად გახრწნილი და ადამიანთა მოძულე, საკუთარი ერის მოძულე“ უწოდა.
აღნიშნა რა, რომ იგი „მოღალატეა“, ნიკა გვარამიამ პატრიარქის ტახტის მოსაყდრე გააფრთხილა, რომ მას „ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების სხეულიდან“ განკვეთა ელის. „უმალ ეს მოხდება, ვიდრე თქვენ კათოლიკოს-პატრიარქი გახდებით“, – მიმართა მან შიო მუჯირს.
გვარამიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სავარაუდოდ სუს-დან გამოჟონილ ფაილებში ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრეზეც არის და პირდაპირ ეთერში ფაილებიდან ის ამონარიდი გაუშვა, სადაც იმაზეა საუბარი, რომ, სავარაუდოდ, Facebook-ის საკუთარ გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის კრიტიკის გამო, შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ სტიქაროსანს სტიქარის გახდა მოსთხოვა.
- ფარული ჩანაწერები: ქართველი სასულიერო პირების, საპატრიარქოს რუსული კავშირები
- ფარული ჩანაწერები: ფულის გათეთრება და მოქრთამვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანა 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა.
პრეზიდენტ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების მხრიდან ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.
ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
გენერალურმა პროკურატურამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ შსს სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმესაც იძიებს, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე წაიკითხეთ:
- სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს
- პრემიერი მიხეილ სააკაშვილზე: „წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებს კიდევ სხვა მუხლებს“
- პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)