არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 18 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროდან მიღებული წერილის საფუძველზე განაცხადა, რომ უწყებას „ნამახვანჰესის პროექტის შესახებ კანონით გათვალისწინებული დასკვნა არ გაუცია“.
ორგანიზაციის თქმით, სამინისტროს პასუხი იმის დასტურია, რომ საქართველოს მთავრობამ ნამახვანჰესის პროექტი „უკანონოდ დაამტკიცა“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, დასკვნის არარსებობა ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების უკანონოდ ცნობის სამართლებრივ საფუძველსაც ქმნის. საგულისხმოა, რომ ორგანიზაცია პროექტს ეწინააღმდეგება და ხელისუფლებასთან მედიაციის პროცესშიცაა ჩართული.
ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ დასკვნის გაცემა მხოლოდ პროცედურული ნაბიჯი არ არის. „ის ფაქტი, რომ ეს დოკუმენტი არ მომზადებულა ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ამ პროექტის ხარჯსარგებლიანობა არ დაუსაბუთებია“, – განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“.
ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია სთხოვს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებს, რომ პროექტის და ხელშეკრულების, შესაბამისად, ფისკალური და სამართლებრივი რისკების შესახებ საკუთარი შეფასებები გამოაქვეყნონ. ორგანიზაციამ 17 მაისს განაცხადა, რომ დოკუმენტების გასაჯაროების მიზნით, მან სასამართლოში სარჩელიც წარადგინა.
25 მაისს ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს „გასაიდუმლოებული“ დასკვნა მოიპოვა, რომელიც „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორთან საქართველოს ხელისუფლების მიერ დადებულ ხელშეკრულებაზე 22 კრიტიკულ შენიშვნას შეიცავს.
სტამბოლში მდებარე კომპანია ENKA Insaat-მა 22 სექტემბერს საქართველოს მთავრობას აცნობა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე დადებულ კონტრაქტს წყვეტს და ამის მიზეზად ხელშეკრულების დარღვევა და ფორსმაჟორი დაასახელა. თუმცა, მშენებლობის გასაგრძელებლად საქართველოს მთავრობას სხვა ინვესტორის მოძიება შეუძლია.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ერთგული რჩება. თუმცა, საერთაშორისო არბიტრაჟის რისკის მოტივით, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი მოიცავს ორ ჰესს მდინარე რიონზე 333 მეგავატის სიმძლავრის ქვემო ნამახვანის ჰესსა და 100 მეგავატის სიმძლავრის ზემო ნამახვანის ჰესს.
ადგილობრივების პროტესტი, რომელიც გარემოსა და ადგილობრივთა ცხოვრებაზე პროექტის მძიმე და საზიანო გავლენას ეხებოდა, თანდათან მასობრივ აქციებში გადაიზარდა, მათ შორის დედაქალაქში.
ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება მას შემდეგ მოექცა აქციის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში, რაც ის საჯარო გახდა. აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ის „კაბალური“ და „ანტისახელმწიფოებრივი“ დებულებების გამო გააკრიტიკეს.
რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციებისა და დაძაბულობის შემდეგ, ივნისში პროექტის ოპონენტებსა და ხელისუფლებას შორის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მედიაცია დაიწყო.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)