ტელეკომპანია „იმედმა“ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ როგორც ნაციონალური მოძრაობისა და მისი „რევანშის“ წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო, მუშაობის „საგანგებო“ რეჟიმზე გადადის.
„იმედის“ განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა „ისევ რევანშისთვის ემზადება“ და რომელიმე მუნიციპალიტეტში მაინც მერის არჩევნების მოგების შემთხვევაში, „რევოლუციური შტაბისა და დესტრუქციის კერის შექმნას შეეცდება“.
„[ამიტომ], დღეიდან, „იმედი“ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ყოველდღე, გვიან ღამემდე, საინფორმაციო ეთერი, პოლტიკური ტოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა“, – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.
„ეს არის ჩვენი მისია, ვილაპარაკოთ სიმართლე და არ დავუშვათ წარსულის დაბრუნება, რომელიც ყველას გვახსოვს“, – აცხადებენ „იმედში“ და დასძენენ, რომ „სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოები და სახეები“ ძალაუფლების დაბრუნებაზე არ უნდა ფიქრობდნენ და ისინი დანაშაულებისთვის სასჯელს უნდა იხდიდნენ.
„„იმედი“ არის ტელევიზია, რომელიც თავის დროზე მიიტაცეს, დაარბიეს, რომლის ჟურნალისტებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ. სწორედ სიმართლისთვის, რეჟიმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა ჩვენი არხის დამფუძნებელი [ბადრი პატარკაციშვილი]“, – ვკითხულობთ ტელეკომპანიის განცხადებაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტელეკომპანია „იმედი“ არჩევნების მეორე ტურის წინ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. მას შემდეგ, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე პირველივე ტურში ვერ დაამარცხა, „იმედმა“ მუშაობის საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. „ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი“, – თქვეს, მაშინ „იმედში“.
ტელეკომპანია იმედი 2001 წელს დაარსდა და 2003 წლიდან მაუწყებლობს. “იმედი” ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა დაარსა, რომელიც 2006-2007 წლებში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მთავარი დამფინანსებელი იყო. აქციებს სატელევიზიო მხარდაჭერა სწორედ ტელეკომპანია „იმედისგან“ ჰქონდა.
ერთ-ერთი ასეთი აქციის დაშლის შემდეგ, სპეციალური დანიშნულების რაზმი „იმედში“ შევიდა და ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. არხმა მაუწყებლობა მაშინდელი ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი ხელმძღვანელობის დანიშვნის შემდეგ აღადგინა.
ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, ტელეკომპანია „იმედმა“ ე.წ. მოდელირებული ქრონიკა მოამზადა, რომელშიც საქართველოში რუსეთის ხელახლა შემოჭრა იყო ინსცენირებული. არხის ამ ექსპერიმენტს საზოგადოებისა და ექსპერტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახს, 2012 წლის საპარელამენტო არჩევნების შემდეგ დაუბრუნდა. 2018 წლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნილად გამოცხადა და ბრალი ყოფილი ხელისუფლების სამ მაღალჩინოსანს წაუყენა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)