სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.
ახლადდანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან ერთად ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისიც მოინახულა.
ნატომ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ურყევი მხარდაჭერა“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოება და ნატო-საქართველოს პარტნიორობის გაფართოების გზები განიხილეს.
„ნატო ერთგულია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – დაწერა სპეციალურმა წარმომადგენელმა Twitter-ზე.
I was honoured to meet Georgian 🇬🇪 President @Zourabichvili_S in my first official visit to her country. We talked about regional security and try to identify ways to enhance #NATO Georgia partnership. NATO is committed to Georgia’s Euro Atlantic aspirations. pic.twitter.com/KsXiT0csHu
— Javier Colomina (@JavierColominaP) October 19, 2021
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს, მხარეებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონული უსაფრთხოება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში თბილისის შუამავლის როლი.
19-20 ოქტომბრის ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სპეციალური წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
სპეციალური წარმომადგენელი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა. დღეს იგი საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)