საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ 1 პირი დააკავა.
დაკავებულის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს და 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მანამდე, ამავე ბრალდებით შსს-მ კიდევ 3 პირი დააკავა. უწყების ცნობით, მათგან ორი ყოფილ პრეზიდენტს ავტომობილით გადაადგილებაში დაეხმარა, ერთმა კი მას – თბილისში საცხოვრებელი ბინა დაუთმო. სამივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
დაკავებულების უფლებადამცველები წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს მუხლს დამნაშავის დამალვისთვის.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანა 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა.
პრეზიდენტ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების მხრიდან ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.
ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
გენერალურმა პროკურატურამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ შსს სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმესაც იძიებს, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)