Site icon Civil.ge

მიხეილ სააკაშვილი „პროვოკაციას“ გმობს და პატრიარქს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულიერ შვილად რჩება. მანვე ხაზი გაუსვა, რომ პასუხობს „პროვოკაციას, რომლის უკან აშკარად რუსული ყურები მოსჩანს“, თუმცა დეტალები აღარ დააკონკრეტა.

სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ იყო და არის კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის „ძირითადი პოზიციების მიმდევარი“ ყველა „ძირითად“ საკითხში, მათ შორის, „სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში“.

მიმართვა, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიო მუჯირის „საყოველთაო შერიგების“ წინააღმდეგ ქადაგებას მოჰყვა. მანამდე, შერიგების მნიშვნელობაზე, თავად ყოფილმა პრეზიდენტმა და რამდენიმე სასულიერო პირმა გაამახვილეს ყურადღება.

წარსულზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციის პირობებში მისი იუსტიციის მინისტრობისას, საპატრიარქოსთან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებას ჩაუყარა საფუძველი. ეს უკანასკნელი 2002 წელს გაფორმდა, რითაც მართლმადიდებელ ეკლესიას მთელი რიგი შეღავათები მიენიჭა, მათ შორის, საბიუჯეტო დაფინანსება და საგადასახადო შეღავათები.

ექსპრეზიდენტმა თავისი მთავრობის დამსახურებებზე საუბრისას ახალი, ხუთჯვრიანი დროშის მიღებაც აღნიშნა, რომელმაც საქართველოს პირველი რესპუბლიკისდროინდელი სეკულარული სამფერიანი დროშა ჩაანაცვლა, რომელიც სახელმწიფო ჰერალდიკაში 1991 წელს, ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაბრუნდა. სააკაშვილისვე თქმით, იგი ხუთჯვრიანი დროშის დასაკანონებლად პატრიარქთან ერთად იბრძოდა.

„ერთად აღვადგინეთ ბაგრატის,შემდეგ ფოთის და ნეკრესის ტაძრები“, – განაცხადა მანვე.

„არავის არ ვურჩევ ისტორიის გადაწერას ვინაიდან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს“, – თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა „ამ სპეკულაციების“ ავტორებს მოუწოდა, ხმა იმაზე ამოიღონ, რომ მას, „სახელწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს“ ციხეში „მკერდზე პატარა ჯვრის“ ტარებას უფლებას არ აძლევენ. კანონმდებლობის თანახმად, პატიმრებს მხოლოდ ხის ჯვრების ტარების უფლება აქვთ.

დაკავების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტ საპატიმროში მოინახულა რამდენიმე სასულიერო პირმა, მათ შორის ახალქალქაის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაძიძემ.

სასულიერო პირებმა „ეროვნული შერიგებისა“ და „მიტევების“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. „დიდი შერიგების“ მნიშვნელობაზე თავად მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც 14 ოქტომბერს მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანა 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა.

პრეზიდენტ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების მხრიდან ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

გენერალურმა პროკურატურამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ შსს სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმესაც იძიებს, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)