ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ის ევროპარლამენტარები, რომელთაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით წერილები დაწერეს, „მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და საქართველოსთან მიმართებით“.
ელჩმა ჰარცელმა ეს ბათუმში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა, რომელთაც მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროპარლამენტარების მიმართ 20 ოქტომბერს გამოთქმულ კრიტიკაზე ჰკითხეს. ჰარცელმა წერილის შინაარსსა და ქართული ოცნების წარმომადგენლების პასუხებზე კომენტარი არ გააკეთა.
„როდესაც საქმე ინდივიდუალური ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ კომენტარებს ეხება, ეს მათი საქმეა და არ მინდა ამ თემის გარშემო სპეკულირება“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება სააკაშვილის დაპატიმრებას, ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქმეს თვალს ძალიან ყურადღებით ადევნებს. მისი თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე „გამჭვირვალე, სამართლიანი და სათანადო სასამართლო პროცესი გაიმართება“.
მისივე განცხადებით, ამ კონტექსტში ევროკავშირისთვის მთავარი „ფუნდამენტური უფლებები და კანონის უზენაესობაა“. ჰარცელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საკითხზე კონსულტაციებს აწარმოებს ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან.
სააკაშვილის დაპატიმრების კონტექსტში, ევროკავშირის ელჩმა პატიმრის უფლებების დაცვის მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო ვალდებულებებსა და პრინციპებს გაუსვა ხაზი.
ექსპრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ იგი შიმშილობს. პროკურატურის ინფორმაციით, იგი ფოთის პორტში სატვირთო გემით ფარულად 28 სექტემბერს ჩამოვიდა.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანა 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა.
პრეზიდენტ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების მხრიდან ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი, მათგან ორზე სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა. კერძოდ, 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.
ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 ოქტომბერს ექსპრეზიდენტს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით ახალი ბრალი წარუდგინა, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
ასევე წაიკითხეთ:
- უცხოელმა პოლიტიკოსებმა ევროკავშირის ლიდერებს სააკაშვილის საკითხზე მიმართეს
- ევროკავშირი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)