Site icon Civil.ge

ყოფილი სამართალდამცველების დაკავების ფონზე ოპოზიცია დევნაზე საუბრობს

პოლიციის სპეცდანიშნულების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ახალი შეიარაღების გადაცემის ცერემონია, 2021 წლის ოქტომბერი, ფოტო: შსს

შსს-ს მიერ ორი ყოფილი პოლიციელის დაკავების შემდეგ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოში არჩევნების მერორე ტურის წინ პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ.

გავრცელებული ცნობებით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ასევე ყოფილი მოადგილე, გიორგი დათიაშვილი 20-21 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

მედიის ცნობით, ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (მე-3) მუხლით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას გულისხმობს და 3-6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„სამოქალაქო საქართველო“ დეტალების დასაზუსტებლად შსს-ს დაუკავშირდა. უწყებამ დასმულ კითხვებს ამ დრომდე არ უპასუხა.

მედიის ცნობით, რაფავა საკუთარ სახლში 20-21 ოქტომბრის ღამეს დააკავეს. დაკავებულის ადვოკატმა, დავით ახალაიამ, „მთავარ არხთან“ საუბარში თქვა, რომ რაფავას სახლში ათობით პოლიციელი შეიჭრა, მას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს და დააკავეს.

მანვე რაფავას დაკავება მის პოლიტიკურ აქტიურობას, კერძოდ კი – ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას დაუკავშირა.

ლექსო რაფავას მეულღემ, თეონა აბსავამ „მთავარ არხს“ უთხრა, რომ მის მეუღლეს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა და სახლში გაფორმებული „თოფიც“ ჰქონდა. მოგვიანებით, 21 ოქტომბერს, რაფავას ოჯახის წევრები და ახლობლები ადგილობრივი პოლიციის შენობის წინ შეიკრიბნენ და ყოფილი სამართალდამცველის დაკავება გააპროტესტეს.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს ასევე ყოფილმა უფროსმა, რუსლან შამახიამ მედიასთან საუბარში თქვა, რომ 20-21 ოქტომბრის ღამეს, სამართალდამცველებმა მისი სახლიც გაჩხრიკეს, რა დროსაც იგი შინ არ იმყოფებოდა. მანვე ეჭვი გამოთქვა, რომ შინ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, იარაღი მისთვისაც „ჩაედოთ“ და დაეკავებინათ.

სამეგრელო ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს თანამშრომელმა, რევაზ ლაზიშვილმა 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ ლექსო რაფავას დაკავებისა და რუსლან შამახიას სახლის ჩხრეკის შემდეგ, მან თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. „არ შემეძლო, კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელბის მიმართ განხორციელებულ ასეთი ქმედებისთვის“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება გიორგი დათიაშვილს, იგი სამართალდამცველებმა თბილისში დააკვეს. მისი ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის თქმით, პოლიციელები დათიაშვილს „სახლში შეუვარდნენ და ჩაუდეს ტყვიები“. „ჩხრეკის დაწყებიდან რამდენიმე წუთი გაიყვანეს და ჩხრეკა და ე.წ. ამოღება მის გარეშე გაგრძელდა“, – თქვა მან „მთავარ არხთან“ საუბარში.

იაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებაც პოლიტიკურ აქტიურობას დაუკავშირა, რადგანაც იგი 14 ოქტომბერს, ლექსო რაფავასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამათულ აქციაში მონაწილეობდა.

ოპოზიციის გამოხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, ყოფილი სამართალდამცველების დაკავება „არის გარკვეული შურისძიება ხელისფულების მხრიდან“. მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანი არჩევნების მეორე ტურების „გაყალბებაა“, ამიტომ „დაიწყეს პოლიტიკური დევნა ამ ადამიანების“. „ეს არის ნიშანი ამ ხელისუფლების პანიკის [და] შიშის“, – დასძინა მავე.

„ეს არის შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ გაანეიტრალოს ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბების სქემის გაშიფვრაში“, – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, ანა წითლიძემ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა დამენიას თქმით, ყოფილი ძალოვანების დაკავება ქვეყანაში ახალია „პოლიტიკური პატიმრების“ გაჩენას ნიშნავს. მისი მტკიცებით, ამგვარი ქმედებებით, ხელისუფლება 30 ოქტომბრის მეორე ტურების წინ საზოგადოების დაშინებას ცდილობს.

ყოფილი დეპუტატისა და ოპოზიციონერი აქტივისტის, თენგიზ გუნავას, თქმით, „ხელისუფლება არის აგონიაში“. მისივე განცხადებით, დაკავებულები „მაქსიმალურად პირველ ტურში ხელს უშლიდნენ [მათ] გაყალბებაში, ამიტომაც ეშინიათ და ამიტომ მიმართავენ ამისთანა უმსგავსო მეთოდებს“.

პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება

ყოფილი პოლიციელების დაკავების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „აბსოლუტურად ნორმალურია“, რომ პოლიცია „შესაძლო კანონდარღვევაზე“ რეაგირებდეს.

„ვისაც სურს პარტიაში პარტიული მოღვაწეობა მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში“, – განაცხადა მან პოლიციის მოქმედი თანამშრომლის გადადგომის შესახებ.

მისივე თქმით, ლაზიშვილი ძმების – ბაჩო და დათა ახალაიების „უახლოესი“ მეგობარია. ეს უკანასკნელნი ნაციონალური მოძრაობის დროინდელი ჩინოვნიკები არიან, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ სხვადასხვა დანაშაულისთვის გაასამართლა.

„რაც მალე მოხდება ლუსტრაცია ამა თუ იმ ადამიანის და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის. გაიწმინდება პოლიციაც ასეთი ფსევდოოფიცრებისგან“, – დასძინა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)