არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 21 ოქტომბერს სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის მე-3 შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 13 სექტემბრიდან არჩევნების დღის, 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, საანგარიშო პერიოდში, Facebook-ზე 28 პოლიტიკური პარტიისა და მათი სტრუქტურული ორგანიზაციების 332 გვერდი იყო აქტიური. ყველაზე მაღალი აქტივობით ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის გვერდი გამოირჩეოდა, ინტერაქციით კი – ქართული ოცნების.
ორგანიზაციის თქმით, დედაქალაქის მერობის კანდიდატებიდან ყველაზე აქტიური ანა დოლიძის გვერდი იყო, ინტერაქციით კი – მოქმედი მერისა და ოცნების მერობის კანდიდატის, კახა კალაძის გვერდი, მას მოსდევდნენ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და მერობის კანდიდატის ნიკა მელიასა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას Facebook-ის გვერდები.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 28 მუნიციპალიტეტში დასაქმებული 51 საჯარო მოხელე გამოიკვეთა, რომელთაც სამუშაო დროს, Facebook-ზე ჯამში 228 „სააგიტაციო შინაარსის“ პოსტი განათავსეს. „მათი უმრავლესობა დადებითი შინაარსის იყო და მხარდაჭერას ქართული ოცნების მიმართ გამოხატავდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ქართული ოცნების წინააღმდეგ 24 გვერდი აქტიურობდა, რომლებზეც 979 პოსტი გამოქვეყნდა, ოპოზიციის წინააღმდეგ კი – 30 გვერდი მოქმედებდა, რომლებზეც 499 პოსტი განთავსდა, რომლებზე ინტერაქციაც „თითქმის 4-ჯერ მაღალია, ვიდრე ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტებისა“.
„საანგარიშო პერიოდში გავრცელებული ხელისუფლების მადისკრედიტირებელი გზავნილები შეეხებოდა, სავარაუდოდ, სუს-ის ფარულ ჩანაწერებს, ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას და არჩევნების დღის ხარვეზებს. ძირითად სამიზნეებს წარმოადგენდნენ ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, ბიძინა ივანიშვილი და ცენტრალური საარჩევნო კომისია“, – ვკითხულობთ ანგარშში.
„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციურად განწყობილი პირების წინააღმდეგ მოქმედი გვერდების მთავარი სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყვნენ. „აქტიური თავდასხმის ობიექტი“ იყო გიორგი გახარიაც.
ორგანიზაციის დაკვირვებით, არჩევნების დღეს Facebook-ზე „მადისკრედიტებელი“ და „დეზინფორმაციული“ კამპანია მიმდინარეობდა და „მმართველი გუნდის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები მიზნად ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციას ისახავდა“.
„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, რეკლამაში ყველაზე დიდი თანხა – 127 000 აშშ დოლარი ქართულმა ოცნებამ გადაიხადა, დაახლოებით 68 000 აშშ დოლარი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, 36 000-მდე აშშ დოლარი კი – ლელომ.
საანგარიშო პერიოდში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ Facebook-სა და „ინსტაგრამზე“ აღმოჩენილი 231 არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამა გაასაჩივრა, Facebook-მა კი – მხოლოდ მათი 13% შეაჩერა. ანონიმურ გვერდებზე ყველაზე მეტი რეკლამა – 188- ოპოზიციის მადისკრედიტებელ, 122 რეკლამა კი – ქართული ოცნების მხარდამჭერ გვერდებზე განთავსდა.
ასევე წაიკითხეთ:
- „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ სოციალური მედიის მონიტორინგის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)