საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა, პირობა დადო, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.
24 ოქტომბერს, თელავში წინაასარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩასულმა პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს „აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება“.
„მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩამომეტანა დროულად საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით ვაქცინა… და ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები და არა ვაიძულოთ“.
ქვეყანაში ვაქცინაციის კლებადი ტემპის შეფასებისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ძლიერი ანტივაქსერული კამპანიები ევროპაშიც და ამერიკაშიც მიმდინარეობს. „რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დეზინფორმაცია… ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს“.
საქართველომ ვაქცინაციის პროცესი მარტის შუა რიცხვებში იმ იმედით დაიწყო, რომ 2021 წლის ბოლოსთვის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს აცრიდა (2.8 მლნ-დან, დაახლოებით, 1.7 მლნ).
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მინიმუმ ერთი დოზით 1 024 769 ადამიანი აიცრა, მათ შორის, 925 169 მოქალაქე – ზრდასრული მოსახლეობის 33% – ორივე დოზით.
გუშინ, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 1 877 დოზა ვაქცინა გაკეთდა მაშინ, როდესაც აგვისტოში აცრების დღიური მაჩვენებელი 20 000-ს შეადგენდა. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი აგვისტოს ბოლოს იმედოვნებდა, რომ სექტემბრის ბოლოსთვის, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი იქნებოდა აცრილი.
ცოტა ხნის წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ქართველების დიდი ნაწილი ვაქცინაციისგან თავს იკავებს. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ივლისში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულების 47% ამბობს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებდა, 35% აიცრებოდა, 11%-მა არ იცის, ხოლო 7% უკვე აცრილია.
ასევე წაიკითხეთ:
- კოვიდ-19: 50 წლის ზემოთ მოქალაქეებს მესამე დოზით აცრა შეეძლებათ
- ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ვაქცინაციის ტემპის შენელების გამო წუხან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)