Site icon Civil.ge

ევროკომისიამ პოლონეთს დრო მისცა

რა მოხდა?

ევროკომისიის სხდომის „ოფიციალურ დასკვნაში“, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, პოლონეთის წინააღმდეგ კანონიერების დაცვის მექანიზმის ამოქმედება ნახსენები არაა.

რაზეა საუბარი?

პოლონეთის „კანონიერებისა და სამართლიანობის“ პარტიას სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრების გამო ევროკავშირთან კარგა ხანია უთანხმოება აქვს. ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც პარტიის გავლენის ქვეშ მყოფმა კონსტიტუციურმა სასამართლომ დაასკვნა, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (ECJ) გადაწყვეტილებებს პოლონეთის კონსტიტუციაზე უპირატესი ძალა არა აქვსო.

ევროპარლამენტარები და რამდენიმე სახელმწიფო, ნიდერლანდის თამადობით, პოლონეთის წინააღმდეგ „კანონიერების დაცვის მექანიზმის“ ამოქმედებას მოითხოვდნენ, რასაც შესაძლოა სანქციები და ევროპულ გადაწყვეტილებებში ხმის დაკარგვა მოჰყოლოდა. ევროკომისია კოვიდის შედეგების სალიკვიდაციო პაკეტის – 25 მილიარდი ევროს – პოლონეთისთვის გადაცემაზე უარს ამბობდა, სანამ კანონიერების პრობლემები არ მოგვარდებოდა.

პოლონეთმა და უნგრეთმა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოშივე იჩივლეს, ამ საკითხების ერთმანეთზე გადაჯაჭვა უკანონოაო.

მერკელის ენდშპილი

გერმანიის კანცლერის როლში ევრკავშირის საკითხებში ალბათ ბოლო ჩარევით, მერკელმა მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ევროკომისია დაარიგა, კონფრონტაციას მორიგება ამჯობინეთო. ამავე აზრზე დადგა საფრანგეთიც.

რთული გადაწყვეტილება

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პოლონეთზე გადაწყვეტილების მისაღებად მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან. თავისი თანამემამულისა და მენტორის, მერკელის ჭკუაზე სიარულს ევროკომიის პრეზიდენტს ევროპარლამენტარები ჩანს ძვირად დაუჯენენ. ისინიც სასამართლო სარჩელით იმუქრებიან, ევროკომისიის წინააღმდეგ.

სანამ დაფინანსებისა და კანონიერების გადაჯაჭვის კანონიერების საკითხი სასამართლოში ირჩევა, ფონ დერ ლაიენს გაუჭირდება ვარშავისთვის ფულის გამოყოფა შეაყოვნოს, რითაც კიდევ უფრო აღაშფოთებს ევროპარლამენტარებს.

ამასობაში, პოლონეთს პრემიერმა, მათეუშ მორავიეცკიმ თქვა, ბრიუსელი ცდილობს გადაწყვეტილებები „შუბლზე მობჯენილი პისტოლეტის“ ზეწოლით მივიღოთო და დაიქადნა, „მესამე მსოფლიო ომს“ არ დავაწყებინებთო.

რა დევს სასწორზე?

პოლონეთი ევროპისთვის ხელწამოსაკრავი ქვეყანა არაა: მისი სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აშკარაა. თუმცა, პოლონეთს მთავრობის მიერ დემოკრატიული კანონიერების სისტემასთან დაპირისპირება ევროკავშირისთვის ასევე ღირებულებების და სისტემური კრიზისის ნიშანია. ვარშავის ერთგული მოკავშირეა თავისი არსით კიდევ უფრო ანტი-ევროპული ვიქტორ ორბანის მთავრობა უნგრეთში. ვარშავა და ბუდაპეშტი ერთმანეთს ბრიუსელისაგან იცავენ და ამით – შფოთავენ ოპონენტები – ევროპის ღირებულებით საძირკველს წყალს უყენებენ.

მომავლის ხედვა

ბრიუსელში, ტრადიციულად, იმედოვნებენ, რომ დროის გაწელვით პრობლემას თავისით მოევლება. ორბანსაც და მორავიეცკისაც სამშობლოში რთული არჩევნები ელედებათ. პოლონეთს მთავარ ოპოზიციურ პარტიას სათავეში კვლავ ევროპული საბჭოს ყოფილი თავკაცი, დონალდ ტუსკი ჩაუდგა და ევროკომიის გადაწყვეტილებაც სათავისოდ გამოიყენა: ბრიუსელი „კანონისა და სამართლიანობის“ რეჟიმის გადაცდომების გამო პოლონელი ხალხის დასჯას (ანუ ფულის შეყოვნებას) არ აპირებსო.