ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები – ირაკლი ღარიბაშვილი, დენის შმიგალი და ნატალია გავრილიცა 25 ოქტომბერს ვიდეოფორმატში შეხვდნენ და ევროკავშირთან ურთიერთობების სამომავლო განმტკიცებისთვის საჭირო ნაბიჯები, ასევე ტრიოს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
ასოცირების ტრიო 2021 წლის მაისში ჩამოყალიბდა და მისი მიზანი სამ ქეყანას შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საერთო საკითხებზე დისკუსიისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობს. სამივე ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად აღიარებისკენ ისწრაფვის.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა მოახლოებული დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იმსჯელეს. ამასთან, ხაზი გაუსვეს ასოცირებულ ქვეყნებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობას სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში. მათვე იმედი გამოთქვეს, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე.
სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის საკითხებში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას, მათ შორის, გამოცდილების ურთიერთგაზიარების კუთხით.
შეხვედრაზე სამი ქვეყნის ლიდერებმა ტრიოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გააქტიურებაზეც ისაუბრეს და „დადებითად შეაფასეს ასოცირებული ტრიოს ფარგლებში დღემდე გაწეული ძალისხმევა და ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან გამართული ერთობლივი შეხვედრები.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)