Site icon Civil.ge

თამაზ მეჭიაური პრემიერ-მინისტრს ეწინააღმდეგება

თიანეთის მოქმედი მერი და ამავე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური, ფოტო: თამაზ მეჭიაურის პირადი Facebook-დან

24 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა თიანეთის მერობის კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს, რომ გზა ქართული ოცნების ახალგზარდა კანდიდატს, ლევან წიკლაურს დაუთმოს და „ნაციონალების წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს“.

საპასუხოდ მეჭიაურმა განაცხადა, რომ მხოლოდ „არც მარტო ცენტრშია გადასაწყვეტი“ თუ „ვინ უნდა იყოს ადგილზე მერი“. „სჯობს, წავაგოთ ღირსეულად, ვიდრე ასეთი გზით გავიდეთ თამაშიდან“, – დასძინა მანვე.

მეჭიაურის თქმით, პრემიერის განცხადება, თითქოს ადგილზე „რამე საბოტაჟს“ და „მუდმივ დაძაბულობას“ ჰქონდა ადგილი, „აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა“.

მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთი და ოზურგეთი იმის მაგალითებად დაასახელა, თუ როგორ ვერ ხერხდებოდა კოორდინაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მხოლოდ იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტებს ოპოზიციონერი მერები ჰყავდათ.

მეჭიაურმა ასევე აღნიშნა, რომ იგი სამ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან საკმაოდ „ნაყოფიერად“ თანამშრომლობდა და იმედი ჰქონდა, რომ „ყველაზე უკეთესად“ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილთან, ითანამშრომლებდა.

„[მაგრამ] მისმა განცხადებებმა ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა“, – განაცხადა მან.

თამაზ მეჭიაური ქართული ოცნების ყოფილი წევრია, რომელმაც მმართველი გუნდიდან წასვლის შემდეგ ახალი პარტია – ერთიანი საქართველოსთვის შექმნა.

შენიშვნა: მასალა 2021 წლის 27 ოქტომბრის 15:00 სთ-ის დროით შესწორდა. მასალის პირვანდელ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ თამაზე მეჭიაური თიანეთის მერია, რეალურად კი – მას მერის პოსტი 2017-2020 წლებში ეკავა. იგი თანამდებობიდან 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით გადადგა. თიანეთის მერის მოვალეობას მეჭიაურის პირველი მოადგილე, გივი ბერბერაშვილი ასრულებს. ბოდიშს გიხდით უზუსტობისთვის.
 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)