ევროპის საბითუმო ენერგობაზარზე გაზის ფასები გაათმაგდა, რამაც მრავალ ქვეყანაში მომხმარებლებისთვის ელექტროენერგია მნიშვნელოვნად გააძვირა. ევროპული დედაქალაქები ამ ზამთრისათვის ვითარებიდან გამოსავალს ეძებენ. საფრანგეთმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ სუბსიდიები დაუწესეს მრეწველობის განსაკუთრებით დაზარალებულ დარგებს, ზოგი მთავრობა კი მოქალაქეებსაც აპირებს შეეხიდოს და გაძვირებული დენის საფასურის ნაწილი გადაუხადოს. ამ კრიზისს მრავალი მიზეზი აქვს, მათგან ზოგი დროებითია, ზოგი კი უფრო გრძელვადიანი, სისტემური ხასიათისაა.
რა მოხდა
2021 წლის დასაწყისში ევროპის გაზის საცავებში რეზერვები სარეკორდოდ მაღალ ნიშნულზე იყო. თუმცა, მოვიდა ზამთარი და აღმოჩნდა, რომ საცავები მხოლოდ 89%-ითაა შევსებული, ენერგობაზარზე კი მიწოდების ნაკლებობაა. ამან ენერგომატარებლებზე ფასები ნახტომისებურად გაზარდა.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
ენერგომატარებლების ფასების ზრდა კოვიდისაგან დაზარალებული ევროპული ეკონომიკის გამოცოცხლებას აფერხებს, ხოლო მოსახლეობის შესაძლო უკმაყოფილება ბევრ ქვეყანაში ისედაც მყიფე პოლიტიკურ სტაბილურობას ემუქრება. გაზის ნაკლებობა ზრდის რუსეთის პოლიტიკურ გავლენას, რომელსაც ეს რესურსი ჭარბად გააჩნია და რთულ მდგომარეობაში აყენებს რუსულ გაზზე განსაკუთრებით დამოკიდებულ ევროპულ ქვეყნებს, პირველ რიგში კი გერმანიას.
რას უნდა მოველოდეთ:
- მოკლევადიან პერსპექტივაში, რუსეთი სავარაუდოდ მოახერხეს ჩრდილოეთის ნაკადის მეორე გაზსადენის ასამუშავებლად საჭირო ევროპული ნებართვების მიღებას;
- არსებობს რისკი, რომ უგაზობით შეწუხებული ევროპული ქვეყნების ნაწილი რუსეთთან პირდაპირ მიწოდებაზე დადებს კონტრაქტებს, რითაც „გაზპრომზე“ და მოსკოვზე მათი დამოკიდებულება გაიზრდება;
- რუსეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა და მოლდოვა, სულ უფრო გააღრმავებენ ენერგეტიკულ თანამშრომლობას მეზობლებთან, რათა გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია მოახდინონ. ევროკავშირის დახმარების წყალობით ჩრდილოელი მიმწოდებლებს – მაგალითად ნორვეგია – უფრო აქტიურად ჩაერთვებიან აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე;
- გერმანიას მოუწევს გადახედოს „მწვანე ენერგეტიკისკენ ტრანზიციის“ გეგმას. სავარაუდოდ, მცირე ატომური ელექტროსადგურები გარემოსათვის უსაფრთხო წყაროდ ჩაითვლება.
ანალიზი
ევროპის ენერგოკრიზისის დაწყებისთანავე პრესაში შეიქმნა განცდა, რომ ვითარების გაუარესების მთავარი მიზეზი რუსეთის აგრესიული განზრახვა იყო. ამგვარი მსჯელობისათვის სერიოზული საფუძველი არსებობს. რუსეთი მართლაც ცდილობს, შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყოს და სათავისოდ გამოიყენოს შექმნილი ვითარება, თუმცა, ექსპერტების თქმით, გართულება მხოლოდ რუსეთს ვერ დაბრალდება.
გარემოებების დამთხვევა
- ევროპული მომწოდებლების შეფერხება: ამ წლის დასაწყისში ევროპის გაზის საცავებში სარეკორდო მარაგი იყო დაგროვილი, ოღონდაც ზამთრის სუსხმა დიდი ხანი გასტანა და მოხმარება აპრილ-მაისამდე დიდად არ შემცირებულა. ამას ემატება სინოპტიკოსების მოლოდინიც, რომ წლევანდელი ზამთარიც ცივი იქნება. შეფერხებები აქვთ გაზის ევროპელ მომწოდებლებსაც: ნაწილობრივ კოვიდის პანდემიის გამო აუცილებელი სარემონტო სამუშაოები გადაიდო და აქამდე გრძელდება ნორვეგიისა და შოტლანდიის გაზსადენებზე, რომლებიც კონტინენტურ ევროპას ამარაგებს.
- ევროპული ენერგობაზრის თავისებურებები: ევროკავშირმა ენერგომატარებლების კონკურენტულ გარემოში შესასყიდად უარი თქვა გაზის მოწოდებაზე პირდაპირი კონტრაქტების დადებაზე და ენერგომატარებლების საბითუმო ბაზარი დააფუძნა, სადაც გამყიდველები და მყიდველები მეყსეულად, ყოველდღიურად აწესებენ ფასს (ე.წ. spot market). ამ ბაზარზე ენერგიის საბითუმო ფასს ყველაზე ძვირი კომპონენტი განსაზღვრავს, ეს კი – ამ ეტაპზე – ბუნებრივი გაზია. ევროპელი მწარმოებლების მხრივ შეფერხების გამო, რუსეთი თითქმის მონოპოლიურ ვითარებაში აღმოჩნდა და ბაზარზე მისი როლი არაპროპორციულად გაიზარდა.
- მსოფლიო ბაზრის ფაქტორი: გაზის დეფიციტს ევროპული ბაზარი, ჩვეულებრივ, თხევადი გაზით აბალანსებს, ძირითადად აშშ-დან და ნორვეგიიდან. თუმცა, რადგან აზიაში გაზის ფასები ევროპაზე კიდევ უფრო მაღალია, თხევადი გაზის მათთვის მიწოდება კი გრძელვადიანი კონტრაქტებით ხდება, კომპანიებმა იქაურ მომხმარებლებს მიანიჭეს უპირატესობა.
- რუსეთის როლი: რუსეთს ევროპული ენერგობაზარი, რომელიც მის გავლენას ზღუდავს, არ ეპიტნავება, ამიტომაც ხელოვნურად შეზღუდა და შემდეგ კი სულაც შეაჩერა გაყიდვები ამ ბაზარზე. მოსკოვი ცდილობს, ევროპული ქვეყნები აიძულოს, პირდაპირი კონტრაქტები გააფორმონ “გაზპრომთან”, რითაც გაიზრდება კრემლთან დაახლოებული კომპანიის პოლიტიკური გავლენაც. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადად აღნიშნა, რომ “გაზპრომი” სრულად ასრულებს ვალდებულებებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც პირდაპირ არიან გადაჯაჭვული რუსულ ენერგოგიგანტთან. ექსპერტების ვარაუდით, მოსკოვი სპოტ-ბაზრის მოხრჩობას ცდილობს.
- ენერგოიარაღის გამოყენება: „გაზპრომმა“ თითქმის სრულიად შეაჩერა ევროპისათვის გაზის მიწოდება უკრაინის გავლით, რითაც კიევზე ახდენს გეოპოლიტიკურ ზეწოლას. მოსკოვი ცდილობს შეაჩეროს კიევის დაახლოება ევროპის ეკონომიკურ ბაზართან და უკრაინელებს აჩვენოს, რომ მოსკოვს იქეთ გზა არ აქვთ. მსგავსი ზეწოლა ევროპისკენ გადახრილ მოლდოვაზეც ხდება – „გაზპრომმა“ მკვეთრად დააგდო წნევა მოლდოვის სისტემაში, მიზეზად კი ვალები მოიყვანა.
- „ჩრდილოეთის ნაკადის“ ფაქტორი: „ჩრდილოეთს ნაკადი-2“, რომლის მშენებლობაც დასრულებულია, მზადაა ექსპლუატაციაში შესასვლელად, მაგრამ ჯერ ევროკავშირისაგან და მთავრობებისგან საბოლოო ნებართვა სჭირდება. გერმანიაში სამომავლო სამთავრობო კოალიციის პოტენციური ორი უმცროსი წევრი – მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები – ამას ეწინააღმდეგებიან, ხოლო წამყვანი ძალა – სოციალ-დემოკრატები – კი ემხრობა. ამდენად, მიწოდების შეფერხებით, რუსეთი გერმანულ პოლიტიკაზეც ახდენს გავლენას.
- ნაჩქარევი „მწვანე ტრანზიცია“: ევროპელი მიმომხილველების მნიშვნელოვანი ნაწილი თანხმდება, რომ დღევანდელი კრიზისის მთავარი მიზეზი ევროპულ ქვეყნებში „მწვანე ენერგეტიკისკენ ტრანზიციის“ მიმართულებით გადადგმული ნაჩქარევი ნაბიჯებია. თავად პოლიტიკის აუცილებლობა ეჭვს არ იწვევს, თუმცა, მაგალითად, გერმანიაში ქვანახშირის თბოსადგურებისა და ატომური ელექტროსადგურების ერთდროულმა დახურვამ არაპროპორციულად გაზარდა რუსეთის გაზის წილი მოხმარებაში. შედარებით უკეთაა საქმე ბრიტანეთში, სადაც დროებით კონსერვირებული ქვანახშირის თბოსადგურების კრიზისის დროს ჩართვა შედარებით ადვილია და საფრანგეთში, სადაც ატომური სადგურები ქვეყნის ელექტროწარმოების 70%-ზე მეტს უზრუნველყოფს. აშკარა გახდა ისიც, რომ განახლებადი ქარისა და ჰიდროენერგეტიკის სიმძლავრეები ჯერჯერობით არაა საკმარისი საბაზო დატვირთვის უზრუნველსაყოფად.
დროებითი კრიზისი
გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ფასების დღევანდელი ზრდა ენერგეტიკული ტრანზიციის შედეგად დამდგარი პირველი ენერგოკრიზისია. მისი სერიოზულობისდა მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ევროპელები ამ ზამთარს გათბობის გარეშე დარჩებიან. უკვე მიმდინარე პროექტები კი, სავარაუდოდ, გაანეიტრალებს ზოგიერთ მავნე ფაქტორს:
- ნორვეგიასა და შოტლანდიაში სარემონტო სამუშაოები უსასრულო არაა, ევროპა მათი წყალობით მალე გაიუმჯობესებს მიწოდებას.
- მოლდოვისა და რუმინეთის გაზსადენები ევროკავშირის დახმარებითა და დაფინანსებით წელს ერთმანეთს დაუკავშირდა. შედეგად, მოლდოვამ პირველად მიიღო გაზი ევროპის ქსელიდან: რუმინეთმა გაზსადენში წნევა დაუბალანსა, ზამთარში კი პოლონეთიდან და ნიდერლანდებიდან გაზის მიწოდებაზე დაიდო კონტრაქტები. ეს „გაზპრომის“ პოზიციებს მოლდოვაში სერიოზულად შეარყევს. მსგავსადვე გაიზრდება უკრაინის ჩართულობა ევროპულ ენერგობაზარზე.
- თხევად გაზზე მოთხოვნის გზა ზრდის „გაზპრომის“ კონკურენტების გავლენას: მათ შორისაა კომპანია „ნოვატეკი“, რომელიც იამალის ნახევარკუნძულიდან აწოდებს თხევად გაზს ევროპას, ტანკერებით.
- ევროკავშირი ენერგობაზრის სისტემის ადაპტაციას გეგმავს, რითაც სპოტ-ბაზარი ვაჭრობის უფრო საიმედო მექანიზმებით შეიძლება ჩანაცვლდეს.
- იზრდება მცირე ატომური სადგურების მიმზიდველობა.
- სულ უფრო იზრდება თხევადი გაზის მნიშვნელობა და ევროპის პორტებში გრძელდება შესაბამისი ტერმინალების მშენებლობა, რაც საშუალებას მისცემს აშშ-ს, ევროპულ ენერგობაზარზე სერიოზული მოთამაშე გახდეს.
ბუნებრივია, ფუნდამენტურ ცვლილებებს დრო – დაახლოებით 5-10 წელი – სჭირდება.
სამომავლო ხედვა
ევროპისათვის მთავარ ენერგეტიკულ გამოწვევად საბაზისო სიმძლავრეების სისუსტე რჩება, განსაკუთრებით გერმანიასა და ცენტრალურ ევროპაში. სულ უფრო იზრდება ზეწოლა – განსაკუთრებით ამ საქმეში ლიდერის, საფრანგეთის მხრიდან – რომ ატომური ენერგეტიკა, განსაკუთრებით მცირე ატომური სადგურები, „მწვანე ენერგეტიკის“ ნაწილად ჩაითვალოს და ქვეყნებმა ასეთი სადგურების ასაშენებლად შესაბამისი დახმარება ევროკავშირისგანაც მიიღონ. თუკი დაფინანსება იქნება, აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა მზადაა ამგვარი სადგურები ააშენოს და რუსეთზე დამოკიდებულებას ამგვარად მოწყდეს.
გერმანიის ახალი მთავრობის მიდგომა ამ საკითხისადმი საკვანძო მნიშვნელობისაა. მწვანეები, ტრადიციისამებრ, ალმაცერად უცქერენ ატომურ ენერგეტიკას და მათი მიდგომის შეცვლა მარტივი არ იქნება, თუმცა თავისუფალი დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების დარწმუნება შეიძლება უფრო ადვილი აღმოჩნდეს. მთავარი გერმანელი ამომრჩევლის პოზიცია იქნება.
მთავარი რისკი ისაა, რომ მყიფე პოლიტიკურ ვითარებაში მყოფი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მთავრობები ვერ გარისკავენ ცივ ზამთარს და რუსეთთან პირდაპირი კონტრაქტების სერიის დადებით ევროპის ენერგეტიკულ ბაზარსაც მოშლიან და მოსკოვს ევროპულ პოლიტიკაზე გავლენას 2030-იანი წლებისთვისაც შეუნარჩუნებენ.
სტატია მომზადდა The Economist, DW, Financial Times მასალებზე და საკუთარ თავზე დაყრდნობით