30 ოქტომბრის ადგილობრივით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებამდე ერთი დღით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ჩართულობით, „ხელისუფლების დამხობის მიზნით“ შესაძლო „შეთქმულების“ საქმეს იძიებს.
სუს-ის ცნობით, ამ მიზნით, საქმის მონაწილე პირები პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ხელშეშლის მიზნით, ამ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების ბლოკირებასა და „დესტრუქციული ქმედებებით“ ქვეყანაში „უკონტროლო სიტუაციისა“ და „ქაოსის“ შექმნას გეგმავდნენ.
„მსგავს ქმედებებს ადგილი შესაძლოა ჰქონდეთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც“, – განაცხადეს სუს-ში.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას გულისხმობს და სასჯელის სახით 5-8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუს-ის ინფორმაციით, საქმის მონაწილე პირები საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით არ გამოცხადდნენ, ამიტომ მათ სასამართლოში გამოკითხავენ.
სუს-მა დღეს გამართულ ბრიფინგზე სასამართლო განჩინების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩაწერილი 2 საათიანი ფარული აუდიოჩანაწერის დაახლოებით 6 წუთიანი ფრაგმენტიც გაავრცელა.
ჩანაწერის მიხედვით, ბესიკ წერედიანი, გიორგი შერვაშიძე, ალექსანდრე მილორავა და რამდენიმე დაუზუსტებელი პირი სავარაუდო „შეთქმულების“ გეგმას განიხილავენ.
ჩანაწერის თანახმად, რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, სადაც მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის, სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციების გაგრძელების შემთხვევაში, წერედიანი სასჯელაღსრულების დაწესებულების ბლოკირებაზე, პრემიერ-მინისტრის, ასევე ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრების სახლებთან შეკრებაზე საუბრობს.
ამავე ჩანაწერის თანახმად, წერედიანი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს და ოპოზიციას „მაიდნის“ მოწყობა მაინც მოუწევს.
წერედიანი ასევე განმარტავს, რომ ქუჩაში გასვლის შემთხვევაში, „გლობალურად შეიძლება მართო პროცესი“, მაგრამ „წვრილმანების დონეზე“, 2-3 ადამიანის დაზიანების შემთხვევაში ეს უკვე შეუძლებელი იქნება.
ამასთან, იგი, უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ მას 14 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციაზე, კანცელარიასთან გადანაცვლებასა და ხელისუფლებისთვის მეორე დღის 12:00 სთ-მე „ულტიმატუმის მიცემაზე“ არ დასთანხმდა, თუმცა, ვინ არ აკონკრეტებს.
ამავე ჩანაწერის თანახმად, ქალი, რომლის ვინაობაც იდენტიფიცირებული არ არის, ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, „შტურმი“ გარდაუვალი იქნება. „შტურმის გარეშე გამოსავალი არ არის. უსისხლოდ შედეგი დამდგარა?“, – ამბობს იგი.
პოლიტიკოსების გამოხმაურება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას „ბოდვა“ და „სრული სიგიჟე“ უწოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა და დასძინა, რომ კახა კალაძისა და ქართული ოცნების ნაცვლად, მათ წინასაარჩევნო კამპანიას სუსი ატარებს.
„ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ბოროტება, ეს არის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, შექმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სუს-ის განცხადების შეფასებისას.
ასევე წაიკითხეთ:
- 2019 – პროკურატურა: „იგეგმებოდა ამბოხების გზით ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება“
- 2016 – აუდიო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა შეთქმულების დაგეგმვის მუხლით გამოძიება დაიწყო
- 2015 – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ‘სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაზე’ გამოძიება დაიწყო
- მუხლი 315: (არარსებულ?) შეთქმულებათა ქრონიკა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)