Site icon Civil.ge

ქვეყნის ლიდერებმა არჩევანი გააკეთეს

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძისა და აგრეთვე მმართველი გუნდის მთაწმინდის ოლქის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ აბაშიძის საარჩევნო ბანერები პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 2021 წლის ოქტომბერი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil. ge

საქართველოს ხელმძღვანელმა პირებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ოქტომბერს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს.

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი: „საჭიროა, რომ თქვენც და ჩვენც, ყველამ ერთად ვისწავლოთ ერთიანობა და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო პერიოდში და იმის წინა პერიოდში, დასრულდება იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის ეს უნდა დასრულდეს; თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი – ჩვენი მეზობელი“.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 30 ოქტომბერი, 2021, ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური
ირაკლი ღარიბაშვილი – პრემიერ-მინისტრი: „მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდება, პირველ რიგში, მშვიდობა, დამშვიდება, სიწყნარე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა. რაც არის ჩვენი მთავარი და საერთო ეროვნული იდეა და მიზანი. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებას და პოლარიზაციას, რომელიც მიმდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, 30 ოქტომბერი, 2021, ფოტო: მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

კახა კუჭავა – პარლამენტის თავმჯდომარე: „რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლი, რომ ალტერნატივა არ ყავს განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველა ნახა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში და ის, თუ რას აპირებს ის მომავალი ოთხი წლის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ კიდეც მის გამარჯვებაში“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, 30 ოქტომბერი, 2021, ფოტო: კადრი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვიდეოდან
ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების თავმჯდომარე: „დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს შორის, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას. ამიტომ, არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც“.
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 30 ოქტომბერი, 2021, ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური

    This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)