Site icon Civil.ge

TI საქართველო, ISFED: შესაძლოა, დარღვევებს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა

ვაკის #1 საარჩევნო უბანი, 30 ოქტომბერი, 2021, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

ორმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) დღეს გამოქვეყნებულ შეფასებებში განაცხადეს, რომ თვითმმართველობის მეორე ტურების დროს გამოვლენილ დარღვევებს, შესაძლოა, ზეგავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

აღნიშნა რა, რომ ბევრ საარჩევნო ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის „მცირე სხვაობა“ დაფიქსირდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს „მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე“.

„ამის გამო, შესაძლოა, საზოგადოებაში საფუძვლიანი კითხვები არსებობდეს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

მისი თქმით, ხმების დათვლის ეტაპზე „ტენდენციის სახე ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების დედნების შედგენის პროცესის ხელოვნურად დაყოვნებისა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოქმების პროექტების წინასწარ შეთანხმების პრაქტიკას“.

გარდა ამისა, ორგანიზაციის თქმით, არაერთ უბანზე დაფიქსირდა კომისიების მიერ ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების არასწორედ განაწილების ფაქტები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ აღნიშნა, რომ გამოვლინდა ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ასევე საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის აღნუსხვის შემთხვევები. ორგანიზაციისვე თქმით, საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც „საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს“.

ამასთან, არჩევნების დღის პირველი ნახევარი „ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა“, თუმცა მოგვიანებით ბევრ საარჩევნო ოლქში სიტუაცია დაიძაბა და გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები.

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 23 საჩივარი დაწერეს.

„სამართლიანი არჩევნები“

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები  „ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა“.

ორგანიზაციის თქმით, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში მას მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია, თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების  არასწორად ან სავარაუდოდ მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ მისმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევისა და კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობის  შემთხვევები, ასევე გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა.

მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებს ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების წინააღმდეგ.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ „დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა“. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის „გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“.

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სამივე დონის საარჩევნო კომისიებში 161 საჩივარი შეიტანეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)