Site icon Civil.ge

ევროკავშირის ელჩმა მეორე ტურთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გამოაქვეყნა 

ევროპის დროშები ევროკომისიის შენობასთან ბრიუსელში, ფოტო: ქრისტიან ლუ/Unplash.com

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ პირველი ტურის ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და „ძალადობრივი რიტორიკის“ კუთხით.

განცხადება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ სადავო განცხადებასაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „არჩევნებამდე გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საკრებულოებთან, თუ ისინი განსხვავებულ უმრავლესობას აირჩევენ, შეშფოთებას იწვევს, რადგან ამომრჩეველთა არჩევანის შეზღუდვასა და პლურალიზმის ლიმიტირებაზეა მიმართული“.

„პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მასთან დაკავშირებით დაფიქსირებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში ნორმად არ უნდა იქცეს. ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებაში დაკარგული შესაძლებლობა იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის ელჩმა და ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებმა მოუწოდეს მხარეებს, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ. „საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც „ამ მხრივ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ“.

„გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები ჭეშმარიტ ძალისხმევას არ დაიშურებენ ისეთი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მოლოდინების გამართლებას ხელს შეუწყობს“, – ნათქვამია განცხადებაში. „ეს მოიცავს მნიშვნელოვანი რეფორმების მრავალგზისი ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენი ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმებული დღის წესრიგის განხორციელების განახლებას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის ღირებულებებს ეფუძნება“, – ვკითხულობთ იქვე.

განცხადება მიესალმება ეუთო/ოდირის და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას მეორე ტურის დროსაც.

„მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო, თუმცა მან ასევე დააფიქსირა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩევლებთა დაშინებისა და ზეწოლის შენარჩუნებული ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა და საასპარეზო პირობები შეცვალა“, – განაცხადეს ევროკავშირის ელჩმა და ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)