თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მკაცრ განცხადებაში, საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეშფოთება გამოხატა „წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყის ორივე დღეს ფართოდ გავრცელებული დარღვევების გამო, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე“.
საელჩომ განაცხადა, რომ ამან საფრთხე შეუქმნა საქართველოს მიერ წინ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობაში ივნისში შეტანილ ცვლილებებს, რამაც კენჭისყრის პროცესის გამჭირვალობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ იმის ნაცვლად, რომ გარემო პირველი ტურის დროს გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზით გაუმჯობესებულიყო, „გაგრძელდა დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები, ხოლო პოლიტიზებული მედია კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს“.
„ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის განმავლობაში“, – განაცხადა საელჩონ და დასძინა, რომ ეს ჯგუფები „ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია“ და რომ ნებისმიერი თავდასხმა მათ წინააღმდეგ კანონის სრული სიმკაცრით უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული.
საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ ახლა საჩივრების განხილვისა და ხმების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადათვლის პროცესი არის „ტესტიც და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ“.
საელჩომ მოუწოდა მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად და დასძინა, რომ დემოკრატია საქართველოში ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონგარეშე მოქმედებით.
აშშ-ის საელჩომ გაიზიარა ეუთო/ოდირის შეფასება, რომ არჩევნები „ზოგადად მშვიდი და კარგად ორგანიზებული იყო“, თუმცა აღნიშნა, რომ ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ და უარყოფითი რიტორიკის გამწვავებამ პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.
გამოეხმაურა რა ოდირის დამკვირვებლების ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებდნენ, როგორც პარტიის მხარდამჭერები და დროდადრო ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს, ასევე შეშფოთებას ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით, საელჩომ განაცხადა, რომ მისი დამკვირვებლებიც „შეესწრნენ მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე“.
აღნიშნა რა, რომ „თითოეული არჩევნები, არასრულყოფილიც კი, კარგი გაკვეთილი და შესაძლებლობაა, რათა ებრძოლო იმ განმეორებად დარღვევებს, რომელთაც ბოლო არჩევნებს ზიანი მოუტანეს და შეარყიეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ“, საელჩომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ რეკომენდირებული დანარჩენი რეფორმებიც გაატარონ.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირის ელჩმა მეორე ტურთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გამოაქვეყნა
- TI საქართველო, ISFED: შესაძლოა, დარღვევებს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა
- საერთაშორისო დამკვირვებლები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აფასებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)