Site icon Civil.ge

ქუთაისის საუბნო კომისიის წევრის თქმით, ქართული ოცნება გაყალბებას აიძულებდა 

ვაკის #1 საარჩევნო უბანი, 30 ოქტომბერი, 2021, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

ქუთაისში, სადაც მერის არჩევნების მეორე ტური დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა და ქართული ოცნების კანდიდატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მცირე სხვაობით აჯობა, 90-ე უბნის საარჩევნო კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ მმართველი პარტია არჩევნების გაყალბების მიზნით ზეწოლაში დაადანაშაულა.

1 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჩირგაძემ თქვა, რომ 30 ოქტომბერს, მეორე ტურის დღეს, მას ქართული ოცნების წარმომადგენელი, ვინმე ინგა რამდენჯერმე დაუკავშირდა და ხმის მიცემის მიზნით სიაში არარეგისტრირებული პირების გატარება სთხოვა.

ჩირგაძემ ხაზი გაუსვა, რომ მან სიაში არარეგისტრირებული ორი პირი უკან გააბრუნა, რომლებიც საარჩევნო უბანზე „სხვა პირადობით“ გამოცხადდნენ.

ჩირგაძის თქმით, ამის შემდეგ, მას სავარაუდოდ ქართული ოცნებიდან კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ და მითითების შესრულება მოსთხოვეს, თუმცა მან მუშაობა კვლავ წესების დაცვით განაგრძო. „ყველას ვიღებდი სამართლიანად, ყველას სახეზე ვაკვირდებოდი, ყველა პირადობას ვამოწმებდი და არაფერი უკანონო  არ ჩამიდენია“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ზეწოლის შესახებ მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელს მარიამ ნემსაძეს აცნობა და 1 ნოემბერს შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამასთან, მას იმავე დღეს შეხვედრის მიზნით რამდენჯერმე დაუკავშირდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებიც და, სავარაუდოდ, პოლიციას აცნობეს, რომ იგი გაიტაცეს.

მისივე მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის ოფისისკენ მიმავალ გზაზე, იგი პოლიციამ გააჩერა და მას პოლიციის დარწმუნებაც მოუხდა, რომ იგი არ გაიტაცეს, არამედ საკუთარი ნებით მიდიოდა.

ჩირგაძის თქმით, უცნობი პირი მის დასაც დაუკავშირდა და უთხრა, რომ „შენი და არის ძალიან დიდ საფრთხეში“ და ჩირგაძის მეუღლის ტელეფონის ნომერიც ითხოვა. იზა ჩირგაძე მიიჩნევს, რომ ის და მისი ოჯახი საფრთხეშია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ გუშინ Facebook-ზე დაწერა, რომ იზა ჩირგაძესთან სახლში „მივიდა სუსი და დაემუქრა“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “სამოქალაქო საქართველოსთან” ბრალდების შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

„სამოქალაქო საქართველომ“ შსს-ს ჰკითხა აპირებს თუ არა გამოძიების დაწყებას ჩირგაძის ბრალდებებზე. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.

ქართულ ოცნებაში „სამოქალაქოს საქართველოს“ კითხვას არ უპასუხეს. ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბარში პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ჩირგაძის ნაამბობს „სპეკულაცია“  და „ცარიელი სიტყვა“ უწოდა.

30 ოქტომბრის მეორე ტურში, ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა 34 295 ხმა მიიღო, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ კი – 32 703. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქუთაისში მერის ასარჩევად გამართულ მეორე ტურში 70 048 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2 396 ბიულეტენი გაბათილდა, რაც ამომრჩეველთა 3.42%-ია.

გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი დააკავეს

2 ნოემბერს, გვიან ღამით, შსს-მ გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი ქუთაისის მერის მოადგილეობის ოპოზიციონერი კანდიდატი, იმედა კლდიაშვილი დააკავა, რომელიც ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლას აპროტესტებდა.

მან პროტესტის ნიშნად ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქუთაისის ოფისის შესასვლელთან გააჩერა და თქვა, რომ ადგილიდან არ დაიძვრებოდა. მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც კლდიაშვილმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ მათ მითითებებს არ დაემორჩილებოდა, იგი ძალის გამოყენებით დააკავეს.

შსს-ში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ კლდიაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, თუმცა იგი ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.  სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა თქვა, რომ საქმეზე მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)