Site icon Civil.ge

ევროკავშირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნას აკრიტიკებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ფოტო: eeas.europa.eu

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დღეს განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის დანიშვნა „საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული“. შესაბამისად, „ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად“.

მანვე აღნიშნა, რომ დანიშვნები მოხდა ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს, „როდესაც მხოლოდ ოთხი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდა“. ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორმა ქალმა წევრმა უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, „მოულოდნელად“ დატოვა. ამასთან, დანიშვნამდე ახალი განდიდატების ვინაობა არ დასახელებულა.

ევროკავშირის ელჩი წინა ოთხ „უკან გადადგმულ ნაბიჯსაც იხსენებს, რომელთა შორის იყო 12 ივლისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები; მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში; გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა; 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა.

„ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს,  რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა“, – თქვა კარლ ჰარცელმა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში“.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)