საპარლამენტო ფრაქციამ – ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის 2 ნოემბერს განაცხადა, რომ საპარლამენტო სესიებს ბოიკოტს უცხადებს, სანამ ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას „ადეკვატურად“ არ დაიცავს და „არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს“.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბერს დააკავეს, უკვე 34-ე დღეა, შიმშილობს. მისი პირადი მკურნალი ექიმი, ადვოკატები და სახალხო დამცველი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტს ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
„მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა დღეს არის მთავარი ვალდებულება საქართველოს ხელისუფლების“, – განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილმა, რომელმაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დატოვა, ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ „ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას“.
1993 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას იდუმალ გარემოებებში გარდაცვალებაზე მითითებით, დეპუტატმა დასძინა, რომ „ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს რესურსი, რომ გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს“.
ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო მიმდინარე პროცესებს „არანაირი კავშირი არ აქვს არც მართლმსაჯულების განხორციელებასთან, არც სამართლის იდეასთან“.
„ეს არის შურისძიება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ“, – ხაზი გაუსვა მანვე და დასძინა, რომ ამას ადასტურებს არა მხოლოდ სამართლებრივი დეტალები, არამედ სააკაშვილის წინააღმდეგ ქართული ოცნების წევრების „სამარცხვინო, ადამიანობის ხაზს მიღმა“ განცხადებები.
აღნიშნა რა, მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში „დაუყოვნებლივი“ გადაყვანის აუცილებლობა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა – „სრულ პასუხისმგებლობას შესაძლო უმძიმეს შედეგებზე ვაკისრებთ არა მხოლოდ შესაბამის თანამდებობის პირებს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს“.
მიუხედავად სესიების ბოიკოტისა, ფრაქციაში განაცხადეს, რომ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ.
ფრაქციის შემადგენლობაში შედიან – ფრაქციის თავმჯდომარე – ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები – სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. საგულისხმოა, რომ მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა და იგი პარლამენტს ტოვებს.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერი სააკაშვილზე: „ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება“
- მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს
- ევროპარლამენტარები სააკაშვილის პატიმრობის „პოლიტიკურ ხასიათზე“ საუბრობენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)