Site icon Civil.ge

ელენე ხოშტარია სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, ფოტო: დროას პრესსამსახური

პარტია დროას დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, დღე საკანონმდებლო ორგანოში, ლელოსა და ნაციონალურ მოძრაობასთან შეხედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბერს დააკავეს, უკვე 34-ე დღეა, შიმშილობს. მისი პირადი მკურნალი ექიმი, ადვოკატები და სახალხო დამცველი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტს ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

აღნიშნა რა, რომ მას ყოფილ პრეზიდენტთან „პრეტენზიები“ დღესაც აქვს, ხოშტარიამ ხაზი გაუსვა, რომ ის, რაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო ხდება, არის „სადისტური და ცინიკური შურისძიება მესამე პრეზიდენტის მიმართ“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტში, ინსტიტუტში, რომელსაც იგი არ აღიარებს, შიმშილობას იქამდე განაგრძობს, ვიდრე სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო „გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები“.

„სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გაუქმებულია გაუქმებული და მიტაცებულია ინსტიტუტები და ჩვენ გვიწევს მსგავსი უკიდურესი ფორმებით ბრძოლა. თუმცა, თუ ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე ვთვლი, რომ ეს არის ადეკვატური და აუცილებელი ფორმა“, – განაცხადა მანვე.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისცემს თუ არა მმართველი გუნდი მას პარლამენტის შენობაში შიმშილობის შესაძლებლობას, ხოშტარიამ უპასუხა – „მე არ ვიცი და არც მაინტერესებს რას იზამს და რის საშუალებას მომცემს ქართული ოცნება, ჩემს ქვეყანაში საშუალებებს და უფლებებს ვიქმნი მე“.


ელენე ხოშტარიამ, რომელმაც პარტია ევროპული საქართველო გასული წლის დეკემბერში დატოვა, მიმდინარე წლის მარტში ახალი პოლიტიკური მოძრაობა – „დროა“ დააფუძნა. ელენე ხოშტარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში ევროპული საქართველოს პარტიული სიით მოხვდა, თუმცა მან სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა და საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩართულა.

ელენე ხოშტარიას დროამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მასშტაბით, ხმების 2.14% მიიღო, რაც დედაქალაქის საკრებულოში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა. იგი, გლდანის რაიონის მაჟორიტარულ ოლქშიც იყრიდა კენჭს, თუმცა ხმების 31.17%-ით პირველივე ტურში დამარცხდა. ელენე ხოშტარია ენმს-ის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ დედაქალაქის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტში მერის მოადგილეობის კანდიდატადაც დაასახელა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)