საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას „მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა“, „მშვიდად ჩატარებული არჩევნები“ მიულოცა.
„არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ოპოზიციის მტკიცების საპასუხოდ, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში კანდიდატების შედეგებს შორის დაფიქსირებული მცირედი განსხვავება არჩევნების „გაყალბების“ მანიშნებელია, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისათვის“.
„რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.
13-წუთიან გამოსვლაში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება „დაწყნარება“ და „სტაბილურობა“, რათა „დაუბრუნდეს განვითარების გზას“.
აღნიშნა რა, რომ „დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს“, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დეპოლარიზაცია არ მიიღწევა არც ქუჩით, არც დესტაბილიზაციით, არც გაუთავებელი არჩევნების მოთხოვნით, არც ხელახლა მანდატების დატოვებით თუ ბოიკოტით.
„არც თვითდაჯერებით, არც სიძულვილით, არც მტრის და მოღალატის ხატის შექმნით, არც გამარჯვებულის არაღიარებით, არც დამარცხებულის დამცირებით“, – დასძინა მანვე.
პრეზიდენტის ეს ნათქვამი ოპოზიციის იმ ნაწილს მიემართებოდა, რომელიც 2018 წელს, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას არ აღიარებდა, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტა და საქართველოს მასშტაბით დღესაც საპროტესტო აქციებს მართავს, 6 ნოემბერს კი – თბილისში ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს. ყოფილი პრეზდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ოპოზიციის საპროტესტო აქციები იმართება რუსთავის ციხესთანაც, სადაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის.
- ელენე ხოშტარია სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს
- ფრაქცია ლელო საპარლამენტო სესიებს ბოიკოტს უცხადებს
- არასამთავრობოები: დარღვევები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის ნებაზე და, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა შედეგებზე
- ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და შაბათს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს
სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, რომელიც უკვე 35-ე დღეა შიმშილობს, მისი პოზიცია „მყარი და უცვლელია“. „არა და არასდროს“, – ხაზი გაუსვა მან.
„ყოფილი პრეზიდენტი, არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს“, – დასძინა პრეზიდენტმა.
თუმცა, „მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესის“ გათვალისწინებით, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ იგი „განსაკუთრებულ პატიმრად“ უნდა მივიჩნიოთ, რომელსაც „განსაკუთრებული ყურადღება და ყველა ზომის მიღება“ სჭირდება, რათა მისი „ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის, ან დესტაბილიზაციის მიზნით“.
„ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე“, – თქვა პრეზიდენტმა.
მანამდე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, ასევე აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, რაიან ჰარკერ ჰარისს შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)