Site icon Civil.ge

დეკემბრიდან რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ბუნებრივი აირის ფასი იზრდება

ფოტო: unsplash.com

პირველი დეკემბრიდან რეგიონებში საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის, 1მ3 ბუნებრივი აირის საფასური 1.15 ლარამდე იზრდება.

რეგიონებში 20 თეთრით მოიმატებს ტარიფი „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 6-6 თეთრით კი – „ინტერ გაზისა“ და „თელავგაზის“ მომხმარებელთათვის. კომპანიებში ამ დროისთვის მოქმედი ტარიფები 0.95 და 1.09-1.09 ლარია.

ბუნებრივი აირის ტარიფის მატება სამივე კომპანიამ ძირითადად მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების ზრდითა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებით ახსნეს.

„სოკარში“ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ ბუნებრივი აირის საფასური უცვლელი – 0.86 ლარი – დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის. ამავე საწარმოებისთვის ბუნებრივი აირის ფასს უცვლელს ტოვებს „თელავგაზიც“, თუმცა კომპანიაში მოქმედ ტარიფს არ აკონკრეტებენ. ბუნებრივი აირის საფასურის ზრდა შეეხება „ინტერ გაზის“ ყველა კომერციულ აბონენტს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) 2 ნოემბერს განმარტა, რომ ბუნებრივი აირის ღირებულების ზრდა საყოფაცხოვრებო მოხმარების ფასს არ შეეხება და მოქმედი ტარიფები ძალაში 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დარჩება.

არსებული მდგომარეობით, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტთათვის 1მ3 საყოფაცხოვრებო მოხმარების აირის ღირებულება 56.928 თეთრია, „თელავგაზის“ მომხმარებლებისთვის 53.018 თეთრი, „ინტერ გაზის“ აბონენტთათვის კი – 49.297 თეთრი.

დედაქალაქში 1მ3 სამომხმარებლო ბუნებრივი აირის ღირებულება 53.972 თეთრს შეადგენს. დედაქალაქს ბუნებრივი აირით კომპანია „თბილისი ენერჯი“ ამარაგებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)