საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში სამხრეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებში აშშ-ის ახლადდანიშნულ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ერიკა ოლსონს უმასპინძლა, რომელიც თბილისში დღეს დილას ჩამოვიდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, სადაც მხარეებმა შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
ამავე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ის ერთგულ და საიმედო მოკავშირედ რჩება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების პროცესის დასაწყებად, რომლის თანახმადაც, საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
- აშშ „დახურულ“ სასამართლო სისტემას აკრიტიკებს
- მოსამართლეები ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ
- ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და შაბათს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს
ვიზიტი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციისა და პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე იმართება. ოპოზიცია 6 ნოემბერს თბილისში „გაყალბებული“ არჩევნების წინააღმდეგ და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს.
„პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, აუცილებელია ქვეყნის განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირება“, – იტყობინება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში ერევნიდან ჩამოვიდა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)