თბილისის სააპელაციო სასამართლოს 3 და თბილისის საქალაქო და სხვა რაიონული სასამართლოების 9 მოსამართლე კოლეგების მხრიდან ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის შესახებ ბრალდებებს არ ეთანხმებიან.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებულ კრიტიკას უპასუხა. საელჩოების შეფასებით, საბჭოს წევრების დანიშვნა გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა 4 ნოემბერს Facebook-ზე დაწერა, რომ უცხოელი პარტნიორების ძალისხმევით, „წლებია ვცდილობთ ისეთი სასამართლო შევქმნათ, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა ექნება“.
მოსამართლეთა კომიტეტის განცხადებაზე მითითებით, მანვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მოსამართლეების „ამ პათოსით“ საუბარი, „ნიშნავს დაკარგულ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის“.
ამავე პოსტის კომენტარებში თბილისისა და ქუთაისის საქალაქოს სასამართლოების მოსამართლეებმა – ეკა არეშიძემ და თამარ ხაჟომიამ აღნიშნეს, რომ ისინი ამ პოზიციას იზიარებენ და ეთანხმებიან.
პარალელურად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გელა ბადრიაშვილმა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილმა და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ დასავლელი პარტნიორების მიმართ პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს.
„ათეულობით წლებია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უანგაროდ გვეხმარებიან საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი, ყოველგვარი შიდა და გარე ზეგავლენისგან თავისუფალი, ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის შენებაში“, – განაცხადა დარიბაიძემ და დასძინა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის ასეთი დამოკიდებულება „ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს პროგრესს სასამართლო სისტემაში“.
ცალკე გამოქვეყნებულ პოსტში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთმა მოსამართლემ, შოთა გეწაძემ თქვა, რომ იგი კომიტეტის განცხადების შინაარსის სულისკვეთებას არ იზიარებს.
აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მრავალწლიან დახმარებას გაუსვა ხაზი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა. „სწორედ ქვეყნის საშინაო საქმეებში გვიწევენ ისინი ათეული წლების მანძილზე დახმარებას, რაც ჩარევად არასდროს ყოფილა აღქმული და უპრობლემოდ ვიღებდით მხარდაჭერას“, – განაცხადა მან.
„როცა რეფორმებში მნიშვნელოვანი რესურსია ჩადებული, შედეგების მიმართ ინტერესი სრულიად ბუნებრივია და ვფიქრობ ანგარიშგასაწევი და საყურადღებო“, – დასძინა მანვე.
კომიტეტის განცხადება ასევე დაგმეს თბილისის საქალაქო და თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებმა – გიორგი ებანოიძემ და მამუკა წიკლაურმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამოხმაურება
5 ნოემბერს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში მოსამართლეთა კომიტეტისგან განსხვავებული პოზიციის მქონე კოლეგების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა – ნინო ბაქაქურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა და დასძინეს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსამართლის უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია თავისუფლად და საჯაროდ“.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წვლილი განუზომელია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისკენ მის სწაფვაში“, – განაცხადეს მათ.
ასევე წაიკითხეთ:
- მოსამართლეები ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ
- აშშ „დახურულ“ სასამართლო სისტემას აკრიტიკებს
- ევროკავშირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნას აკრიტიკებს
- კრიტიკის ფონზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი აირჩიეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)