Site icon Civil.ge

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდ-19-ის მიმდინარეობის შესახებ მე-7 ანგარიში გამოაქვეყნა

ფოტო: მუფიდ მაჯნუნი/unplash.com

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) 4 ნოემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და განხორციელებული ღონისძიებების მეშვიდე შემაჯამებელ ანალიზს მოიცავს და მასში 2021 წლის 1 ოქტომბრამდე მდგომარეობით არსებული მონაცემებია წარმოდგენელი.

„სამოქალაქო საქართველო“ ანგარიშის მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. 5 ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 743 511 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 681 919 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 10 300 კი – გარდაიცვალა.

სქესობრივი, ასაკობრივი და ტერიტორიული განაწილების მახასიათებლები

დოკუმენტის მიხედვით, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 614 763 შემთხვევა იყო დადასტურებული.

ამასთან, ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 22% – 60+ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა, ყველაზე დაბალი კი – 10% – 0-15 ასაკობრივ ჯგუფში.

დოკუმენტის მიხედვით, გარდაცვლილთა პროცენტული შეფარდება დადასტურებულ შემთხვევებთან 1.46% იყო. 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ვირუსის მქონე 8 976 პაციენტი იყო გარდაცვლილი.

ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება.

ანგარიშის თანახმად, თანმხლები ქრონიკული დაავადებებიდან დომინირებდა (69.1%)კარდიო-ვასკულარული დავადებები (ჰიპერტენზიის გარდა); შემდეგი იყო – ჰიპერტენზია (35.3%); დიაბეტი (25.5%); ონკოლოგიური დაავადება (5.8%); ფილტვის ქრონიკული დაავადება (4.4%).

კორონავირუსის გავრცელების მახასიათებლები

1 ოქტომბრის მდგომარეობით, 14 დღიანი კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 585.5 იყო. კუმულაციური ინციდენტობა დროის მოცემულ პერიოდში ავადობის სიხშირეს ზომავს.

საანგარიშო პერიოდში, კუმულაციური ინციდენტობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 13 421 თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 3 695 ქვემო ქართლში.

1ოქტომბრის მდგომარეობით, 100 000 მოსახლეზე კუმულაციური ინციდენტობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, თბილისის, ასევე აჭარისა და იმერეთის რეგიონებში.

საანგარიშო პერიოდში კოვიდ-19-ის მიმდინარეობის კიდევ ერთი მთავარი ინდიკატორი – ეფექტური რეპროდუქციის ინდექსია, რომელიც რეალურ დროში ინფექციის გადაცემის პოტენციალს აფასებს, 0.87 იყო. წინა ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი 1.18-ს შეადგენდა, გასული წლის ბოლოსთვის კი – 0.62- უდრიდა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2.25 კი – 2020 წლის სექტემბრისთვის დაფიქსირდა.

ტესტირებების მიმოხილვა

2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სულ ქვეყანაში ჩატარებული PCR და ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების ჯამური რაოდენობა 9 151 235 (მათგან 4 371 783 PCR) იყო. ტესტირებების საშუალო დღიური რაოდენობა კი – 15 792-ს (PCR-ის 7 544) შეადგენდა. ამასთან, 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ანტისხეულებზე დაფუძნებული – 319 368 ტესტიც ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანში ჩატარებული ტესტირების სრული დადებითობის მაჩვენებელი 6.7%-ს შეადგენდა. წინა კვლევაში ეს მონაცემი 6.1% იყო, გასული წლის ბოლოსთვის კი – 11.6%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულებიდან 6.4% სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი იყო. წინა ანგარიშში ეს მაჩვენებელი 7% იყო.

ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამში სულ 1 802 566 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად 813 437 მოქალაქე აიცრა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.7%-ია. მთავრობის გეგმით, წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 60% სრულად უნდა იყოს აცრილი.

1 ოქტომბრის მდგომარეობით, 425 493 ადამიანი „ფაიზერით“ აიცრა, 58 591 „ასტრაზენეკით“, 253 253 „სინოფარმით“, 79 100 „სინოვაკით“.

ანგარიშის თანახმად, სრულად ვაქცინაცინირებული პირების ინფიცირების შანსი 9.44-ჯერ ნაკლებია, არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. ამასთან, სრულად ვაქცინირებულ პირებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით განპირობებული, ინფიცირებისაგან დაცვის ეფექტურობა 89.41%, ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ზოგადი ეფექტურობა კი – 93.35%-ია.

ანგარიშის მიხედვით, 6 გარდაცვლილი აცრილი პაციენტიდან 5-ის შემთხვევა იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან არათავსებადია, 1 შემთხვევის განხილვა კი – დროებით შეჩერებულია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)