სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 5 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც პატიმრობაში მყოფი და უკვე 37 დღე მოშიმშილე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები განმარტა.
განცხადება მწვავე დაპირისპირების ფონზე გაკეთდა, როდესაც ხელისუფლება სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას აპირებს. ყოფილი პრეზიდენტი, მისი ადვოკატები, ექიმი და სახალხო დამცველი ამ პოზიციას არ ეთანხმებიან და სხვადასხვა რისკის გათვალისწინებით, სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია პატივი სცეს პატიმრის სურვილს, უარი თქვას საკვების მიღებაზე, თუმცა „მასვე ეკისრება პოზიტიური ვალდებულება ეფექტური და დროული მოქმედების გზით დაიცვას თავისუფლებააღკვეთილი პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“.
სამსახურმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლებააღკვეთილი პირის შიმშილობის დროს, შესაბამისი ორგანოების ან პირთა მხრიდან მიღებულმა „არასათანადო ზომებმა, შესაძლებელია წარმოშვას ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი“.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პატიმარი დროულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებით, „ყველა გონივრულად შესაძლო სამედიცინო გამოკვლევითა და მკურნალობით“.
განცხადების თანახმად, მართალია ეს არ ნიშნავს, რომ პატიმრები უნდა მოთავსდნენ ციხის დაწესებულებების გარეთ არსებულ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის ჯეროვანი მკურნალობისათვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე „გაუმართლებელმა უარმა“, შესაძლოა, წარმოშვას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხეები.
„თავისუფლებააღკვეთილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი, ცალკე აღებული, ცხადია არ არის საკმარისი საპატიმრო დაწესებულებაში გაწეული მკურნალობის არაეფექტიანად შესაფასებლად, თუმცა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრმა გაუარესებამ შესაძლოა გააჩინოს ეჭვი დაწესებულებაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობასთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორმა ასევე განმარტა მოშიმშილე ექსპრეზიდენტის პირადი ცხოვრების უფლება და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პირადი მონაცემები სენსიტიურია და მკაცრი კონფიდენციალურობის პრინციპს ექვემდებარება.
„პირს უნდა ჰქონდეს განცდა და ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მისთვის სწორი დიაგნოზის დასმას და ადეკვატური მკურნალობის გაწევას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განმარტა, რომ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, შესაძლოა, გამართლებული იყოს საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა, „როგორც წესი, ვერ იქნება გამართლებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების გასაჯაროება“. ასევე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად პირი თანახმაა დეტალების გასაჯაროებაზე, ეს უნდა მოხდეს მინიმალური მოცულობით, „მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნით“.
ასევე წაიკითხეთ:
- ილია II მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
- ელენე ხოშტარია სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს
- პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)