Site icon Civil.ge

პრემიერი ოპოზიციურ წალენჯიხას თანაბარ მოპყრობას ჰპირდება

წალენჯიხის ცენტრი 26 მაისს. ფოტო მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქის გვერდიდან.

დღეს დილით, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ცენტრალური მთავრობა მზადაა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალ, ოპოზიციონერ მერთან, გია ხარჩილავასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ღარიბაშვილის თქმით, ხარჩილავამ „დამსახურებულად“ გაიმარჯვა არჩევნებში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი იმდენივეს გააკეთებს წალენჯიხისა და მისი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ცესკო-ს ოფიციალური შედეგებით, რომელსაც ოპოზიცია არ ეთანხმება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა. დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში (არ ეთვლება ოკუპირებული რეგიონების მუნიციპალიტეტები) მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

არჩევნების მეორე ტურის წინ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საუბრობდა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას „ძალიან ბევრი“ პროექტის დაფინანსება ჰქონდა განზრახული და რომ ოპოზიციონერი კანდიდატების გამარჯვება მმართველი გუნდისთვის „შემაფერხებელი ბარიერი“ და „ნაკლები მოტივაცია“ იქნებოდა ამ პროექტების განსახორციელებლად. განცხადება ოპოზიციამ და მოგვიანებით, ევროკავშირის საელჩომაც გააკრიტიკეს.

დღევანდელ სხდომაზე კი პრემიერმა აღნიშნა: „ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მე მინდა დავაზუსტო დღეს, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც“.

30 ოქტომბრის მეორე ტურში გია ხარჩილავამ ხმათა 51.096% (7 248 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა მმართველი პარტიიდან, გოგა გულორდავამ — 49.904% (6,937 ხმა).

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ორი ქალაქს, წალენჯიხასა და ჯვარს და ასევე, 48 სოფელს მოიცავს. 2014 წლის აღწერის თანახმად, მუნიციპალიტეტში 26 158 ადამიანი ცხოვრობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)