ევროპაში ენერგოკრიზისის ფონზე გაუჭირდათ მოლდოვაშიც, სადაც გაზს მხოლოდ რუსეთიდან იღებენ. რამდენიმე კვირიანი ენერგოკრიზისის შემდეგ მოლდოვამ და რუსეთმა გაზის მიწოდებაზე შეთანხმება მოახერხეს. მოლდოვამ ამ ეტაპზე შეძლო გაზის არსებულ საბაზრო ფასზე ორჯერ იაფად შესყიდვა და, როგორც ჩანს, ამ ზამთარს სიცივეში დარჩენა აღარ ემუქრება. პარალელურად, კიშინიოვი ალტერნატივების მოძიებას ცდილობს.
რა მოხდა:
29 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგში, მოლდოვის მთავრობა და რუსული ენერგოგიგანტი – „გაზპრომი“ გაზის მიწოდების კონტრაქტის ხუთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ახალი შეთანხმების პირობებს „ურთიერმომგებიანი“ უწოდა. მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრის ანდრეი სპინუს თქმით კი, მოლაპარაკებების დროს მხარეები შეთანხმდნენ მოლდოვური დელეგაციის მიერ შეთავაზებულ ფასის ფორმულაზე, რომელიც გაზსა და ნავთობზე არსებული საბაზრო ფასის საფუძველზე გამოიანგარიშება.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი:
მოლდოვას რუსული გაზის სრულად ჩანაცვლება ამ ეტაპზე არ შეუძლია. ჩანასახოვან ეტაპზეა გაზსადენების შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოლდოვის ენერგოსექტორიც რუსეთზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ამიტომაც, ახალი კონტრაქტის ხელმოწერა, თუნდაც გაზრდილი ფასის პირობით, მოლდოვის პროდასავლური პრეზიდენტის მაია სანდუს ხელისუფლებას ზამთრის გადაგორების საშუალებას მისცემს. თუმცა, სანდუს მთავრობისთვის ეს ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს, რომ მხოლოდ ერთ წყაროზე და ისიც რუსეთზე დამოკიდებულება, ენერგოუსაფრთხოების კუთხით ვერ იქნება საიმედო.
რას უნდა მოველოდეთ:
- რუსულ გაზსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხის გამო, მოკლევადიან პერსპექტივაში მოლდოვას გაუჭირდება რუსული გაზის ალტერნატიული გაზით სრულყოფილად ჩანაცვლება. შედეგად, სანდუს პროდასავლურ ხელისუფლებას გაზის იმპორტის საკითხში რუსეთთან თანამშრომლობა კვლავაც მოუწევს.
- რუსეთი გაზზე დავალიანების მოთხოვნისა და გაზის ფასით მანიპულირებით შეეცდება სანდუს ხელისუფლებას საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ აიძულოს.
- გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება სანდუს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხი იქნება, რაშიც გადამწყვეტი როლის შესრულება, ფინანსების გამოყოფისა თუ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ევროკავშირს მოუწევს.
ანალიზი
ორ ქვეყანას შორის გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი ჯერ კიდევ 2006 წელს დაიდო, რომელიც პერიოდულად ახლდებოდა, სანამ მოლდოვის პრეზიდენტი პრორუსი იგორ დოდონი იყო. დოდონი გასული წლის დეკემბერში არჩევნების მეორე ტურში პროდასავლურ სანდუსთან დამარცხდა. სანდუს პარტიამ – „მოქმედება და სოლიდარობა“ საპარლამენტო არჩევნებშიც უმრავლესობა მოიპოვა და შედეგად სრულად პროდასავლური მთავრობა ჩამოყალიბდა. მოლდოვის განახლებული პრო-დასავლური კურსის კონტექსტში, როცა 30 სექტემბერს გაზის კონტრაქტს ვადა ამოეწურა, მოსკოვთან ახალ პირობებზე შეთანხმების პრობლემაც წარმოიშვა.
კონტრაქტის გაგრძელებაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარუმატებლად მიმდინარეობდა. მოსკოვი 709 მლნ აშშ დოლარის ვალის გადახდის სანაცვლოდ კიშინიოვს გაზზე 25%-იან ფასდაკლებას პირდებოდა. მოლდოვა, თავის მხრივ, ჯიუტობდა და მოსკოვის პირობებზე უარს ამბობდა. 1 ოქტომბერს კონტრაქტი ერთი თვით გაგრძელდა, თუმცა ფასი ათას კუბურ მეტრზე 550 აშშ დოლარიდან 790 აშშ დოლარამდე გაიზარდა. კიშინიოვი გაზის დეფიციტის გამო იძულებული გახდა 22 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა. მთავრობამ მოსახლეობას და ბიზნესს ეკონომიურობისკენ მოუწოდა.
რუსებთან მოლაპარაკება
კრიზისულ პერიოდში მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთო რუსეთის პოლიტიკის მძიმეწონოსანი დიმიტრი კოზაკი, რომელიც პრეზიდენტის ადინისტრაციის უფროსის მოადგილე და პოსტსაბჭოთა ქვეყნების კურატორია. იგი განსაკუთრებით კარგად იცნობს მოლდოვის პოლიტიკას. მოსკოვში კოზაკთან სასაუბროდ გაზის საკითხზე პასუხისმგებელი ვიცე-პრემიერი ანდრეი სპინუ ჩავიდა. კოზაკთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგადაც, 23 ოქტომბერს „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის შემდგომი მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუკი ახალ ფასზე და ვალის გადახდაზე ვერ შეთანხმდებოდნენ. 27 ოქტომბერს ალექსეი მილერთან შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდა.
ახალი შეთანხმების პირობები
საბოლოოდ რუსეთსა და მოლდოვას შორის შეთანხმება 29 ოქტომბერს შედგა. მის გაფორმებას წინ უძღოდა კოზაკისა და სანდუს სატელეფონო საუბარიც. მოლდოვაში გაზის ახალი ფასით მიწოდება 1 ნოემბერს დაიწყო და ამ თვეში ათასი კუბური მეტრის ფასად 450 აშშ დოლარი განისაზღვრა. შემდეგში ფასი საბაზრო ფასზე იქნება დამოკიდებული. სპინუს განცხადებით, ნებისმიერი სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, ხელმოწერილი პროტოკოლი არ ითვალისწინებს არანაირ პოლიტიკურ პირობებს და არ ახსენებს დნესტრისპირეთის მხარეს. შეთანხმება „მოლდოვაგაზის“ დაგროვილ დავალიანებასაც ეხება, მისი დამოუკიდებელი აუდიტი 2022 წელს ჩატარდება, რის საფუძველზეც განისაზღვრება ვალის ოდენობა, რომლის გადახდის მეთოდებსა და ვადებზე მოლაპარაკებები გაიმართება.
დასავლეთის სიტყვა და საქმე
დასავლური მედიის ცნობით, „გაზპრომი“ მოლდოვას რუსულ გაზზე ფასდაკლების სანაცვლოდ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილებას და ევროკავშირთან შეთანხმებული ენერგობაზრის რეფორმის შეჩერებას სთხოვდა. რეფორმა გაზის ბაზრის ლიბერალიზაციას და კონკურენციის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც „გაზპრომს“ მოლდოვის ბაზარზე გავლენის შესუსტებით ემუქრება. ასევე იყო ინფორმაცია, რომ რუსეთი მოლდოვის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას აიძულებს, სადაც მოლდოვას უკვე აქვს დამკვირვებლის სტატუსი, რომელიც პრორუსი დოდონის პრეზიდენტობის დროს მიიღეს.
მთავარმა ევროპელმა დიპლომატმა, ჟოზეფ ბორელმა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან ნატალია გავრილიცესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „გაზპრომი“ პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს კიშინიოვზე. ბორელმა გაზის, როგორც გეოპოლიტიკური იარაღის გამოყენება დაუშვებლად ცნო. ბორელმა კიშინიოვს შექმნილ კრიზისში გრანტები და სხვა სახის დახმარება დაჰპირდა. უკვე 27 ოქტომბერს გავრილეცესთან შეხვედრაზე ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლიაიენმა გაზის კრიზისის დასაძლევად 60 მლნ ევროს დახმარების შესახებ განაცხადა.
ამავე დროს, თავის ისტორიაში პირველად, მოლდოვამ გაზი არა „გაზპრომისგან“, არამედ ევროკავშირიდან შეიძინა: 1 მლნ კუბური მეტრი გაზი პოლონური კომპანიისგან, ამდენივე – ნიდერლანდურისგან, 1.5 მლნ კუბური მეტრი კი – შვეიცარიული და პოლონური კომპანიისგან. ეს ფასი, რუსულ გაზზე ბევრად მაღალია, თუმცა ამ ნაბიჯს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.
რუსული გაზის „ალტერნატივა“
5 ოქტომბერს ამოქმედდა რუმინეთსა და მოლდოვის დამაკავშირებელი იასი-უნგენ-კიშინიოვის მილსადენი, რომელიც მოლდოვას ევროპის გაზის სატრანსპორტო სისტემასთან აკავშირებს. 120 კილომეტრი სიგრძის მილსადენით მოლდოვა წლიურად 1.5 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიღებას შეძლებს. თუმცა, მილსადენის რუმინეთის მონაკვეთზე ჯერ კიდევ არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო მილსადენის სრულყოფილად ამოქმედებას 2022 წლისთვის ვარაუდობენ. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ ეს არ იქნება საკმარისი მთელი მოლდოვის დასაკმაყოფილებლად და არც გაზი იქნება იაფი. მითუმეტეს, რომ მოლდოვაში გაზის იმპორტის მსურველებმა ხშირ შემთხვევაში ისევ რუსული გაზის რეექსპორტი უნდა განახორციელონ, რაც ბუნებრივია პირველწყაროდან შესყიდვასთან შედარებით ფასს გაზრდის.
დასკვნის სახით
მოლდოვის ენერგოსექტორის რუსეთზე დამოკიდებულება კვლავაც მაღალია არა მხოლოდ სუფთა ენერგეტიკული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. რუსეთ-მოლდოვის მოლაპარაკებებში ჩართული იყო „მოლდოვგაზი“, რომელიც „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა, სადაც „გაზპრომს“ ეკუთვნის 50% პლიუს ერთი აქცია, მოლდოვის მთავრობას 35% და დნესტრისპირეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს – 13%.
2020 წელს „გაზპრომმა“ მოლდოვას 3.05 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, 2019 წელს კი – 2.89 მლრდ. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვის მიერ მიღებული 3 მლრდ კუბური მეტრის გაზიდან, მოლდოვის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1.1 მლრდ მოიხმარეს, დანარჩენი კი – სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, სადაც ენერგოტევადი მრეწველობა მუშაობს. დნესტრისპირეთის მიერ მიღებული გაზის დიდ ნაწილს „მოლდოვის ელექტროსადგური“ მოიხმარს, რომელიც ასევე რუსული „ინტერ რაოს“ შვილობილია. ელექტროსადგური ამარაგებს მოლდოვის ტერიტორიას ელექტროენერგიით. საყურადღებოა, რომ თავად დნესტრისპირეთი არ იხდის გაზის დავალიანებას, რომელიც უკვე მილიარდებს აღწევს.
მიმდინარე კრიზისი მოლდოვის პროდასავლური ხელისუფლებისთვის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირებაა, თუ რამდენად არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება – და შესაბამისად მისი ეკონომიკა – მიჯაჭვული რუსეთზე. მოსკოვი არ მალავს, რომ გაზი პოსტსაბჭოთა ქვეყნების პროდასავლური მთავრობების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია რუსული გაზის სრულყოფილი ალტერნატივით ჩანაცვლება, მიმდინარე კრიზისი კიდევ ერთი სტიმულია სანდუს მთავრობისთვის, რომ ენერგოუსაფრთხოებაში რუსეთის ალტერნატიული მარშრუტების განვითარებაზე იფიქროს. ამ საქმეში კი მას მხოლოდ ევროკავშირის იმედი შეიძლება ჰქონდეს.