სხვადასხვა მედიასაშუალებაში გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში ისმის, თუ როგორ ლანძღავენ და აგინებენ იქ მოთავსებული პატიმრები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 8 ნოემბრის საღამოს, თავად სააკაშვილის, მისი ექიმის, ოჯახისა და ადვოკატების ნების საწინააღმდეგოდ რუსთავის N12 ციხიდან გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გლდანის ციხეში სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან განთავსებულნი, რომელთა ნაწილიც 2003-2012 წლებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლასა და პატიმართა ცუდ მოპყრობას პირადად სააკაშვილის აკისრებენ.
სწორედ ამის გამო, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა მასზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის რისკებს შეიცავდა.
მოშიმშილე სააკაშვილის გლდანის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის წინააღმდეგ სახალხო დამცველიც გამოდის. ომბუდსმენის თქმით, გლდანის N8 ციხეში, რომლის ეზოშიც მდებარეობს ციხის N18 საავადმყოფო, ის პატიმრები არიან განთავსებულნი, რომელთაც სააკაშვილთან ინტერესთა კონფლიქტი აქვთ.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მიუხედავად დაწესებულების ადმინისტრაციის გაცხადებული მზადყოფნისა, „დაიცვას ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება“, თავად დაწესებულების „ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან [სააკაშვილისადმი] ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)