ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის „უფლებების დაცვა და სათანადო სამართლებრივი პროცესი საკვანძო მნიშვნელობისაა და საქართველოს ხელისუფლების სრულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს“. მისი თქმით, „ეს უფლებები მოიცავს სასამართლოს წინაშე წარდგომას გამჭვირვალე, სამართლიანი და სათანადო სასამართლო პროცესის ფარგლებში და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, ასევე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების უფლებას ციხეში ყოფნისას“. ჰარცელი მიესალმა „სანდო ადგილობრივ პარტნიორებს“, რომლებიც ევროკავშირს მოვლენებზე დაკვირვებაში ეხმარება და ამ კონტექსტში, სახალხო დამცველის როლს გაუსვა ხაზი.
კარლ ჰარცელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ გამართულ კონფერენციაზე „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გავლენა ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებზე“.
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა მხარი დაუჭირა ელჩ ჰარცელის განცხადებას და დასძინა, რომ ევროპარლამენტი ძალიან ყურადღებით აკვირდება ყოფილი პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და იმედოვნებს, რომ მისი ყველა უფლება დაცული იქნება, ხოლო სამართლებრივი გადაწყვეტილებები კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით იქნება მიღებული. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, რომელიც პარტია კონსერვატორებისა და რეფორმატორების გენერალური მდივანია, ასევე განაცხადა, რომ რაც სააკაშვილის გარშემო ხდება „არ არის სწორი“ და რომ საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში შეშფოთებულნი არიან განვითარებული მოვლენებით.
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ უფრო დეტალურად საუბრისას, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა აღნიშნა, რომ მმართველ პარტიასთან კომუნიკაციის დროს, იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ისინი „როგორც არასდროს, გასცდნენ“ ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, ვინაიდან ასოცირებული შეთანხმება „არ ხორციელდება“ რამდენიმე მთავარი მიმართულებით, მათ შორისაა სასამართლო რეფორმა, და რომ ისინი ამ მიზანს „ყოველდღე სცდებიან“. მან ხაზი გაუსვა, რომ „გარკვეულ მომენტში“ ევროპარლამენტარები ვეღარ შეძლებენ ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფულის გამოგზავნას ქვეყნისთვის, რომელიც „არა მხოლოდ დაპირებებს, არამედ ვალდებულებებსაც არ ასრულებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)