Site icon Civil.ge

„საერთაშორისო ამნისტია“ და Human Rights Watch სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას გმობენ  

ფოტო კოლაჟი: Civil.ge

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, „საერთაშორისო ამნისტიამ“ და Human Rights Watch-მა შეშფოთება გამოხატეს  პატიმარი ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი ხელისუფლების არასათანადო მოპყრობის გამო.

„საერთაშორისო ამნისტიის“ განცხადებით, ის, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს, „არ არის მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა“. 9 ნოემბერს Twitter-ზე დაწერილ ლაკონიურ განცხადებაში, ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი „ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, სადაც მას, სავარაუდოდ, დაემუქრნენ, ღირსება შეულახეს და უარი უთხრეს პირადი ცხოვრების უფლებასა და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე“.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებულმა დირექტორმა, გიორგი გოგიამ 10 ნოემბერს Twitter-ზე დაწერა, რომ სააკაშვილის უფლება სამართლიანი სასამართლოს, ჯანდაცვის, პირადი ცხოვრების და ღირსების მიმართ „რისკის ქვეშაა“.

ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე საუბრისას, გოგიამ განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, იყო თუ არა მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები დასაბუთებული, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი არ უჭერს მხარს დაუსწრებლად გასამართლებას“, ვინაიდან ეს „არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლო პროცესის ნორმებს“. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააკაშვილმა უარი თქვა თავდაპირველ სასამართლო პროცესზე დასწრებაზე, მას აქვს უფლება დაესწროს განმეორებით სასამართლო პროცესს.

რაც შეეხება სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებებს, გოგიამ განაცხადა, რომ ეს შესაძლოა „ძალადობრივ მოპყრობად“ იქნას აღქმული და დასძინა, რომ მიუღებელია ისეთი ქმედება, რომელიც „შეურაცხყოფის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ ნიშნებს შეიცავს.

აღნიშნა რა, რომ ექს-პრეზიდენტს აქვს უფლება უმაღლესი დონის ჯანდაცვის მიღებაზე, როგორიც ფართო საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი, გოგიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ეს შეასრულოს. მისი თქმით, სააკაშვილის შიმშილობა ამ ვალდებულებას არ ცვლის.

გოგიამ სპეციალური პენიტენციური სამსახური საკანში სააკაშვილის ამსახველი ვიდეოების და ფოტოების „მისი თანხმობის გარეშე“ გამოქვეყნების გამოც გააკრიტიკა და ეს მისი პირადი ცხოვრების დარღვევად და ღირსების შელახვად შეაფასა.

პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში 8 ნოემბრის საღამოს, მისი თანხმობის გარეშე გადაიყვანა. ექს-პრეზიდენტის ზუსტი ადგილსამყოფელი მისი ადვოკატებისა და ოჯახისთვის, სულ მცირე, 1 საათის განმავლობაში უცნობი იყო. მედიის ცნობები მისი გადაყვანის შესახებ დაახლოებით 18:00 საათზე გავრცელდა, ხოლო პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალური განცხადება 18:57 საათზე „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა. თავად სააკაშვილი, მისი ექიმი და ადვოკატები, ასევე სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და არასათანადო სამედიცინო აღჭურვილობის გამო ეწინააღმდეგებოდნენ და სანაცვლოდ მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)