Site icon Civil.ge

საპატრიარქო ახალქალაქის მიტროპოლიტს სააკაშვილის მხარდამჭერი სიტყვებისთვის საყვედურობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ფოტო: Facebook.com/sazupatriarchate

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ (ფაჩუაშვილი) გააკრიტიკა, რომელმაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის კონტექსტში თავდაპირველად საყოველთაო შერიგებაზე ისაუბრა, მოგვიანებით კი სააკაშვილს შიმშილობა მარხვაში ჩაუთვალა და აზიარა.

ახალქალაქის მიტროპოლიტი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირთაგანია, რომელმაც მოშიმშილე ექს-პრეზიდენტი საპყრობილეში ინახულა. თავდაპირველად მიტროპოლიტი სააკაშვილს რუსთავის N12 ციხეში 13 ოქტომბერს შეხვდა და სთხოვა სააკაშვილს, თავისი მხარდამჭერებისათვის საყოველთაო შერიგებასა და მიტევებაზე ესაუბრა. მეორეჯერ, მიტროპოლიტი ციხეში 8 ნოემბერს მივიდა და სააკაშვილი აზიარა.

სააკაშვილის ზიარების შემდეგ, მიტროპოლიტმა თქვა: „ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და 40 დღე იმარხულა. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარავისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, 40 დღე იმარხულეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწია. ამასთან, მისი თქმით, „ეს ისტორიული დღეამასზე ხშირად ამბობენმოინანოისშეინანონს. სინანული, ქრისტიანული ქმედებით, არის მოქმედება. ეს არ არის ნიანგის ცრემლები და მოჩვენებითი აღიარება, იმისთვის, რომ ადამიანმა საპყრობილიდან თავი დაიხსნას

კრიტიკა შერიგების შესახებ გამოსვლაზე

საპატრიარქოს თქმით, ფაჩუაშვილის კომენტარებმა, ორივე შემთხვევაში, „ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია“.

განცხადების თანახმად, მართალია „სურვილი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საყოველთაო შერიგებისა ეკლესიისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, მაგრამ მისი განხორცილებისთვის საგანგებო შრომაა გასაწევი და სათანადო, შეთანხმებული ნაბიჯებია გადასადგმელი”.

საპატრიარქოს თქმით, “საეკლესიო სწავლებითაც შერიგება (როგორც ადამიანებს, ისე ღმერთსა და ადამიანს შორის) შეუძლებელია ცოდვათა აღიარების, სათანადო სინანულისა და შესაბამისი ეპიტიმიების აღსრულების გარეშე”.

ამასთან, საპატრიარქოს განცხადებით, „ასევე აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას დაზარალებულთა პოზიცია და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს”, რითაც მიანიშნა, რომ შერიგებისათვის სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაზარალებულთა პოზიციის გათვალისწინებაცაა აუცილებელი.

საპატრიარქომ ისიც თქვა, რომ ფაჩუაშვილმა „საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა” შექმნა, როდესაც შერიგების კონტექსტში მხოლოდ პატიმარ სააკაშვილზე ისაუბრა. საპატრიარქოს მიაჩნია, რომ მიტროპოლიტს ობიექტურობისათვის სხვა ტუსაღებზეც უნდა ელაპარაკა.

კრიტიკა მარხულობასინანულის შესახებ გამოსვლაზე

საპატრიარქომ მიტროპოლიტი ფაჩუაშვილი 8 ნოემბერს, სააკაშვილის შიმშილობის მარხულობასთან შედარებისთვისაც გააკრიტიკა და ამას “ქრისტიანული სწავლების კონტექსტში მოხმობილი შეუსაბამო შედარებება” უწოდა.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პოზიციით, მაშინ როცა მიტროპოლიტი ნიკოლოზი ექს-პრეზიდენტის შიმშილობას მარხვასა და სინანულთან აიგივებს, „პრეზიდენტისა და მისი მომხრეებისაგან… ყველა ინფორმირებულია, რომ იგი შიმშილობს პროტესტის ნიშნად, უსამართლოდ მიიჩნევს მის დაკავებას და თავს დამნაშავედ არ სცნობს”.

„საეკლესიო მარხვა არის სინანულის აქტი, რომელიც აღესრულება ცოდვათა მონანიებისა და შენდობის სასოებით … და საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორცილებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე შედეგის პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს“.

„ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მითუმეტეს, რაციონი არასამარხოცაა)  გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან,  მარხვის არსის დაკნინებაა“, ხაზი გაუსვა საპატრიარქომ.

განცხადების თანახმად, საპატრიარქო წუხს, რომ მიტროპოლიტის „პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა“.

საპატრიარქოს თქმით, „საერთოდ კი მეუფე ნიკოლოზს მრავალი სათნო საქმე აქვს აღსრულებული და  ყოველთვის იყო აქტიური. ვიმედოვნებთ, ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს“.

დაბოლოს, პოსტსკრიპტუმ მინაწერში კი საპატრიარქომ აღნიშნა: „განსაცდელში მყოფი ქრისტიანისაგან ზიარების მიღების სურვილი, რა თქმა უნდა, სწორია. ამ მიზნით, პატიმართან შესვლა კი, ზოგადად, კათოლიკოს-პატრიაქის ნებართვით ხდება; მაგრამ აღსარება  იძლევა  თუ არა ზიარების შესაძლებლობას, ეს უშუალოდ სასულიერო პირის გადასაწყვეტია.  ამდენად,  ზიარება მის სამოძღვრო პასუხისმგებლობას წარმოადგენს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)