Site icon Civil.ge

ზელენსკი ღარიბაშვილს სთხოვს, სრულად დაიცვან სააკაშვილის უფლებები

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდიდან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღევანდელ სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებები „სრულად უნდა იყოს დაცული საერთასორისო ნორმების შესაბამისად“.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტვიტერში დაწერა, რომ ღარიბაშვილს სთხოვა სააკაშვილის დედას, ნათესავებსა და უკრაინელ ექიმებს გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში შესვლის საშუალება მისცენ.

საუბარი ზელენსკის ინიციატივით შედგა. სატელეფონო ზარს წინ უძღოდა პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში იძულებით გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეოს გასაჯაროება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თავის მხრივ, ღარიბაშვილმა ზელენსკის უთხრა, რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და „სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებსა და ექიმებს“. „შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები“.

ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბრისას სააკაშვილის „უკანონო ქმედებები“ პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისათვის საფრთხის შემცველი უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია“. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ „ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი“.

ამასთან, პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა და რომ ექს-პრეზიდენტს ციხეში ყოფნის განმავლობაში უკვე 100-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის თქმით, იგი უარს აცხადებს გლდანის ციხის ჰოსპიტალში ნებისმიერ სამედიცინო დახმარებაზე.

დაბოლოს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)