11 ნოემბერს, თბილისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ერთ-ერთ მომიტინგეს, თამაზ სტეფნაძეს ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ნასროლი, სავარაუდოდ, ბეტონის ნატეხი მოხვდა.
ინციდენტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „მოდულის“ შენობის წინ მოხდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ექს-პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.
სტეფნაძის მონაყოლის თანახმად, უცნობმა პირმა აქციის მიმართულებით ბეტონის ნამსხვრევი კორპუსის მე-6 სართულიდან ისროლა. მამაკაცი მძიმედ არ დაზარალებულა, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმებს მისთვის თავზე ნაკერების დადება მოუწიათ.
მამაკაცის მონათხრობით, ბეტონის ნამსხვრევები სხვა მომიტინგეებსაც მოხვდათ. მისი აზრით, უცნობმა ბეტონის ნატეხი ზოგადად აქციისკენ გამოისროლა და არა — განზრახ მისკენ.
სტეფნაძის თქმით, ინციდენტის შემდეგ იგი პოლიციამაც გამოკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ (Civil.ge) დაუდასტურა, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა არ დააკონკრეტა რომელი მუხლით. სამინისტროს დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.
ასევე წაიკითხეთ:
- პენიტენციური ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებით შესახლების კიდევ ერთ ჩანაწერს ავრცელებს
- პენიტენციური ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრებს აქვეყნებს
- სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)