ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებებს ამართლებს და სააკაშვილის პატიმრობის გარემოებების მიმართ დასავლელი პარტნიორების კრიტიკას არ იღებს.
იგი ქართული პოლიტიკური სისტემის „უმთავრეს“ პრობლემად მართლმსაჯულების „პოლიტიზების გამუდმებულ მცდელობას“ ასახელებს, რომელშიც მისივე თქმით, „ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია“.
საგარეო აქტორების მხრიდან ჩარევის მაგალითად მმართველი პარტიის თავმჯდომარე „2020-21 წლებში სამი დამნაშავის – გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას და გიორგი რურუას“ გათავისუფლებას ასახელებს. დიდი ალბათობით, ირაკლი კობახიძეს ევროკავშირი და აშშ ჰქონდა მხედველობაში, რომელთა მხრიდან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ხანგრძლივ მედიაციას დასახელებული პირების გათავისუფლება მოჰყვა. მედიაციის პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც.
„თუ არ აღსრულდება სამართალი დამნაშავეთა მიმართ, განსაკუთრებით იმ კრიმინალების მიმართ, რომლებსაც დღესაც ძალაუფლების დაბრუნების ამბიცია ამოძრავებთ, საქართველო ვერასოდეს გამოვა პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ამას კი „ქართული ოცნება“ ვერ და არ დაუშვებს. მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება – ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
განცხადებაში ირაკლი კობახიძე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ კრიტიკას არ იღებს და სათანადო რეაგირების პირობასაც დებს:
„ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი – ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი. ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით“.
„საკითხი დგას მარტივად – ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)