Site icon Civil.ge

მოსკოვს „3+3 პლატფორმაზე“ თბილისიდან „წინააღმდეგობრივი განცხადებები“ ესმის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, ფოტო: facebook.com/MIDRussia/

ე.წ. 3+3 პლატფორმის შესახებ საქართველოს პოზიციაზე საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „თბილისიდან წინააღმდეგობრივი განცხადებები გვესმის ამ საკონსულტაციო პლატფორმაში მათი მონაწილეობის თაობაზე“.

„თუმცა ეს სუვერენული ქვეყნის პოზიციაა“, დასძინა ქალბატონმა ზახაროვამ 10 ნოემბრის ბრიფინგზე.

მისი თქმით, მოსკოვი ვარაუდობს, რომ „3+3 ფორმატი რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესშია“ და რომ „მოვიდა დრო, ფორმატის ამოქმედების გეგმას ხორცი შევასხათ“.

მანამდე, 3 ნოემბრის ბრიფინგზე, ზახაროვამ თქვა, რომ მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობა ამ ფორმატის ყველა შესაძლო მონაწილის ინტერესებშია. „გვჯერა, რომ ამოქმედების შემთხვევაში იგი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ნდობის გაზრდას, არსებული განსხვავებების დაძლევას და რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტი პოტენციალის გახსნას“, – აღნიშნა მან.

წინადადებას ე.წ. 3+3 პლატფორმაზე, რომელშიც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ასევე მათი დიდი მეზობლები რუსეთი, თურქეთი და ირანი უნდა შევიდნენ, ანკარა და მოსკოვი მთიანი ყარაბაღის შარშანდელი ომის შემდეგ ლობირებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ოქტომბერს „სამოქალაქო საქართველოსთვის“ გამოგზავნილ წერილში განმარტა, რომ ქვეყანა რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)