სახალხო დამცველის აპარატმა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობის“ გამო გააკრიტიკა.
ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და შესაძლო შედეგებზე „პირდაპირი პასუხისმგებლობა“ მათ დააკისრა.
სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე „ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე“ ცდილობს ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე „გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით“.
ამავე განცხადების თანახმად, კობახიძე შეეცადა ზეწოლა მოეხდინა სახალხო დამცველსა და ექსპერტებზე მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს.
„საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატმა გაეროს, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს აღნიშნული ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
- კობახიძე: სახალხო დამცველი ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგს მიჰყვება
- წამყვანი ევროპარლამენტარები ნინო ლომჯარიას მხარდაჭერას უცხადებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)