Site icon Civil.ge

ქართული ოცნების დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას განიხილავენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, 2015 წელი, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გონება დაკარგა, ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავს.

ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებები, მმართველი გუნდის რამდენიმეკვირიანი ურყევი პოზიციის ცვლილებაზე მიანიშნებს, რომლებიც სააკაშვილის მომხრეების მხრიდან შესაძლო ქაოსის შექმნის მიზეზით, ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე გატეგორიულ უარს ამბობდნენ.

18 ნოემბერს, გლდანის სამედიცინო დაწესებულების მონახულების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრი იყო, თქვა, რომ „დაიგეგმა და სრულდება რამდენიმე კონსულტაცია“ და „სპეციალისტები [წარმოადგენენ] უახლოესი საათების სამუშაო გეგმას, თუ რა კვლევები და სერვისებია საჭირო ამ ახლადგამოვლენილი პრობლემის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის“.

„[მიხეილ სააკაშვილი] მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც კი იქნება აუცილებელი მისთვის. კონკრეტულად რა იქნება ეს სერვისები, ადგილზე განხორციელდება, თუ გახდება მისი გადაყვანა საჭირო, გადაწყდება ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ“, – განაცხადა მანვე.

უკვე დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ იგი რომ სამოქალაქო სექტორში სააკაშვილის მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მართავდეს, უფრო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ სწრაფად უნდა შეჯამდეს ექიმების კონსულტაციების შედეგები და მის საფუძველზე სწორი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.

ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თვმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც გუშინ ასევე მოინახულა ციხის საავადმყოფო, აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის „საყურადღებო“, მაგრამ არა „კატასტროფული“.

„ჩვენი რეკომენდაცია და დამოკიდებულება იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი ჯანმრთლობის საჭიროებიდან გამომდინარე, დაწყებული ადგილზე მომსახურებიდან, დამთავრებული საჭიროების შემთხვევაში, მის გადაყვანამდე“ – განაცხადა მან.

ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ „ხელისუფლება ყველაზე მეტად არის დაინტერესბული“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობით. მანვე ხაზი გაუსვა, რომ იმის შესახებ გადაწყვეტიელბას, საჭიროა თუ არა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ექიმები და პენიტენციურ სამსახური ერთობლივად მიიღებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)