Site icon Civil.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს შეხვდა 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ოთხვარსკვლავიან გენერალ რიჩარდ კლარკს შეხვდა, ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ოთხვარსკვლავიან გენერალ რიჩარდ კლარკს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობა განიხილეს.

ამ კუთხით, მინისტრმა ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც „ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება“.

ბუდაპეშტში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან, ტიბორ ბენკოსთან შეხვედრით დაიწყო. მოგვიანებით, ორმა მინისტრმა აშშ-ისა და უნგრეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობების მიერ ორგანიზებული მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია გახსნეს. გუშინვე, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოს სამხედრო სამედიცინო დახელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ატილა ლენგუელთან ერთად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)