საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ცნობით, ექსპრეზიდენტი თანახმაა, რომ 50-დღიანი შიმშილობა შეწყვიტოს და რეაბილიტაციისთვის საჭირო შემდგომი პერიოდი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაიაროს.
მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ.
„მე დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ იგი მზად არის წარსდგეს „სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე“ და დაცვას მისი და „ჩვენი ისტორიული სიმართლე. მათ შორის, იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს“.
„მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა დ ხაზი გაუსვა – „დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ“.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება. „როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა, მეც ვიქნები გარეთ, თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში, სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უიმედობის დასრულებაში“, – დასძინა მანვე.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად, შიმშილობა შეწყვიტა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმაც, რომლებიც 14 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. მიხეილ სააკაშვილისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზების შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტა პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამაც, რომელიც ამ მოთხოვნით 17 დღე შიმშილობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)