Site icon Civil.ge

არასამთავრობოები სახალხო დამცველის წინააღმდეგ მმართველი პარტიის თავდასხმებს გმობენ 

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ფოტო: ombudsman.ge

თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „უკიდურესი“ შეშფოთება გამოხატა „ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან  საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ გახშირებული თავდასხმების გამო“ და განაცხადა, რომ სახალხო დამცველი წარმოადგენს „ერთადერთ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, რომელსაც სახელმწიფო მიტაცების პირობებში მმართველი პარტია ვერ აკონტროლებს“.

ერთობლივ განცხადებას წინ უძღვოდა ქართული ოცნების წარმომადგენელთა მხრიდან სახალხო დამცველის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები იმის გამო, რომ იგი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ სიტუაციას აკონტროლებს. 18 ნოემბერს ქართული ოცნების თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და შესაძლო შედეგებზე „პირდაპირი პასუხისმგებლობა“ მათ დააკისრა.

ხელმომწერმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს ხელისუფლებას „შეწყვიტოს თავდასხმები სახალხო დამცველის მისამართით და შექმნას ყველა პირობა კონსტიტუციური ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობისთვის“. „კობახიძის განცხადება სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, წარმოადგენს უხეშ ჩარევას სახალხო დამცველის საქმიანობაში და, შესაძლოა, კანონმდებლობით დასჯადი ქმედების ნიშნებსაც კი შეიცავდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი, ისევე როგორც, გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, სახალხო დამცველის პირდაპირი ვალდებულებაა და „შესაბამისად, სახალხო დამცველის საქმიანობა ვერანაირად ვერ გახდება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი“.

სხვებთან ერთად, ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „საფარი“, „საზოგადოება და ბანკები“, „მწვანე ალტერნატივა“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „მედიის განვითარების ფონდი“, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)