ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა, რონ ჯონსონმა, ჯიმ რიშმა და ბენ კარდინმა 19 ნოემბერს შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არ ეპყრობიან.
ოთხმა სენატორმა აღნიშნა, რომ ისინი თვალს ადევნებენ სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო მოსმენებს და პროცესის სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და მასზე სააკაშვილის დასწრების უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. „სამართლიანი და სწრაფი სასამართლო პროცესის უფლება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და გამონაკლისს არც ეს შემთხვევა წარმოადგენს“, – განაცხადეს მათ.
- სასამართლო პროცესებზე სააკაშვილის დასწრებაზე მესამე უარის შემდეგ ომბუდსმენი განგაშს ტეხს
- სახალხო დამცველი და ექიმები სააკაშვილის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ საუბრობენ
ამერიკელმა სენატორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას მხედველობაში მიიღოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტების ჯგუფის რჩევა, ასევე „პრიორიტეტი სააკაშვილის მდგომარეობის სერიოზულობას მიანიჭოს და გაითვალისწინოს მისი შედეგები საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე“.
„ახლა, დროა, გვერდზე გადაიდოს პოლიტიკური უთანხმოება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნეს სენატორებმა და არასწორი გათვლების გაკეთების მზარდ რისკს გაუსვეს ხაზი, რამაც, შესაძლოა, სააკაშვილის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. „ასეთი ტრაგედია გრძელვადიან უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე“, – განაცხადეს სენატორებმა.
20 ნოემბერს ერთობლივი განცხადების Twitter-ზე გაზიარებისას, სენატორი შაჰინი მიესალმა სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას, ასევე ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს 1 ოქტომბერს, დაპატიმრების შემდეგ, დაწყებული შიმშილობა.
სენატორები შაჰინი და ჯონსონი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე არიან. სენატორი რიში საგარეო ურთიერთობათა კონიტეტის წევრი, ხოლო სენატორი კარდინი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა.
ასევე წაიკითხეთ:
- სახალხო დამცველი და ექიმები სააკაშვილის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ საუბრობენ
- მიხეილ სააკაშვილმა დროებით გონება დაკარგა
- პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)