Site icon Civil.ge

მთავრობა სოციალური პოლიტიკის გადახედვას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფოტო: gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ მთავრობა არსებული „მანკიერი“ სოციალური პოლიტიკის „ახალი, გაჯანსაღებული სისტემით“ ჩანაცვლებას გეგმავს.

„არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას“, – განაცხადა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ ამიტომ უნდა შეიქმნას ისეთი „მოქნილი“ სისტემა, რომლის შედეგადაც, მოქალაქეები სოციალურ დახმარებას ხელფასის სახით მიიღებენ.

ამასთან, მისივე თქმით, მოქალაქეებს „შეუძლიათ, რომ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო დამატებით, მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება. ორი-სამი სამუშაო ადგილი შეუძლიათ, რომ პარალელურად იშოვონ“. „ჩვენი მოქალაქეები შრომას უნდა მივაჩვიოთ“, – დასძინა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს არსებული 600 000-მდე სოციალურად დაუცველიდან 200 000-ზე მეტი შრომისუნარიანი მოქალაქეა და „არსებული სოციალური პოლიტიკის გამო არ არიან მოტივირებულ[ნ]ი სამუშაო ადგილების მოსაძებნად, დასაწყებად“.

სამუშაო ჯგუფს, რომელიც ახალი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაზე იმუშავებს, ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. ახალი პროგრამის დაწყება მომავალი წლის იანვრიდან იგეგმება.

პრემიერის განცხადებას, რომ არსებული სოციალური პოლიტიკა მოქალაქეებს სამუშაოს ძიებაში ხელს უშლის, კრიტიკა მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლის, თათული ჭუბაბრიას თქმით, სოცალური დახმრების მიმღებთ მუშაობა არსებული სისტემის პირობებშიც შეუძლიათ. იგი ასევე არ დაეთანხმა პრემიერ-მინისტრის ნათქვას, რომ სოციალურად დაეცველი სტატუსის მქონე 200 000-ზე მეტი შრომისუნარიანი მოქალაქე უმუშევარია. „იციან რამდენია არაფორმალურად დასაქმებული?“, – იკითხა მან.

ბოლო, ოქტომბრის მონაცემებით, სოციალური დახმარება 633 586 მოქალაქემ ან 171 724-მა ოჯახმა მიიღო, რისთვისაც 43.38 მლნ ლარი დაიხარჯა. იანვარში ეს მონაცემები 532 242 და 148 653-ს, დახარჯული თანხა კი – 29.81 მლნ ლარს შეადგენდა.

თითოეული ოჯახის მიერ მიღებული სოციალური დახმარების ოდენობა განსვავებულია და ის სოციალური მუშაკის მიერ მათთვის მინიჭებული ქულების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია, ოჯახის თითოეულ წევრზე 60 ლარის ოდენობის დახმარებას იღებს; ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ 65 001 ქულაზე ნაკლები ოჯახის თითოეულ წევრზე სახელმწიფო 30 ლარით ეხმარება. ამასთან, 120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე 100 ლარის ოდენობის შემწეობას იღებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)