ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის სახელით ბათუმის საკრებულოში მოხვედრილი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაცვალებამდე პოზიციის შეცვლის მიზნით ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი იყო. აღნიშნულის საილუსტრაციოდ პარტიამ დღეს აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ფუტკარაძემ, რომელსაც დიაბეტი აწუხებდა, სავარაუდოდ, სწორედ ამ წნეხს ვერ გაუძლო.
მისი მტკიცებით, ფუტკარაძის გადაბირებას აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი – ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე ცდილობდნენ.
კირთაძის მტკიცებით, აღნიშნული პირები ფუტკარაძეს რამდენჯერმე შეხვდნენ და მას 100 000 აშშ დოლარი შესთავაზეს, „რომლის 20%-საც მისვლის სანაცვლოდ უკან სთხოვდნენ“. კირთაძისვე თქმით, ფუტკარაძემ მას ამ შეხვედრების შესახებ არაერთხელ უამბო და „როდესაც ეს უკვე გაუსაძლის ხასიათს იძენდა“, მან ერთ-ერთი ასეთი საუბარი ჩაიწერა.
ფუტკარაძის გარდაცვალებამდე, ბათუმის საკრებულოში ქართულ ოცნებას 16 დეპუტატი ჰყავდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 15, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას 2, ლელოს კი – 1. საკრებულოს კიდევ ერთი წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, რომელმაც მანამდე გახარიას პარტია დატოვა. არსებული მოცემულობით, ქართულ ოცნებას უმრავლესობის შესაქმნელად და საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად კიდევ ორი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
46-წუთიან ჩანაწერში ისმის, რომ მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ბაკურიძეა ფუტკარაძეს საკრებულოში ნეიტრალური პოზიციის დაკავებას სთავაზობს. „ჩვენ გვჭირდება „ნეიტრალი“. „ნეიტრალი“ ნიშნავს, არც იქეთ ხარ და არც აქეთ ხარ და მხარდაჭერა [სჭირდებათ] შენი“, – ეუბნება, სავარაუდოდ, იგი ფუტკარაძეს.
ჩანაწერის მიხედვით, მამაკაცი არ აკონკრეტებს, თუ ვისგან მიიღო ფუტკარაძესთან დაკავშირების მითითება. იგი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის „ჩვენი ძმაა“.
ჩანაწერის მიხედვით, მამაკაცი რამდენჯერმე ცდილობს არ უპასუხოს ფუტკარაძის კითხვას, რომელიც ცდილობს დააზუსტოს, თუ ვისგან არის დავალება.
ჩანაწერის თანახმად, ფუტკარაძე, სავარაუდოდ, ამბობს, რომ იგი ისე მოიქცევა, რომ არცერთი მხარე დააზიანოს. ამასთან, აღნიშნავს, რომ იგი დამოუკიდებელი დეპუტატი არ გახდება, თუმცა ზოგიერთ საკითხში ქართულ ოცნებას მხარს დაუჭერს.
ჩანაწერში ფუტკარაძე ასევე ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ მას გულის ძლიერი შეტევა ჰქონდა და მას ექიმმა ე.წ. შუნტირების გაკეთება ურჩია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა „სამოქალაქო საქართველოს“ კითხვას, აპირებს თუ არა უწყება საქმეზე გამოძიების დაწყებას. კომენტარი არც ქართულ ოცნებაში გააკეთეს.
აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ დღესვე ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ჩანაწერებზე და მათ შინაარსზე“ კომენტარს არ გააკეთებს. „თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“, – გააფრთხილა მან ოპონენტები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)