Site icon Civil.ge

სახიფათო თამაშები უკრაინის გარშემო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საზღვაო ფლოტის ბაზაზე, ოდესაში. ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

რა ხდება:

აშშ-ის უშიშროების სამსახურები მოკავშირეებს აფრთხილებენ, რუსეთს უკრაინაში შესაჭრელად 114 ათასი სამხედრო ჰყავს შეკრებილი და მოქმედების დაწყებას იანვრის ბოლოსთვის აპირებსო. ამასობაში კრემლი ამბობს, აშშ უკრაინის ხელით ვითარებას ხელოვნურად ძაბავს, ჩვენ კი ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამიტზე ვმუშაობთ, სადაც რუსეთისთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოვითხოვთო.

ზამბარის მოჭიმვა

ამ ბოლო დროს, დასავლეთის მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ ხორცი შეისხა:

ამ ფონზე რუსეთიდან გაძლიერდა სამხედრო, პოლიტიკური და პროპაგანდისტული ზეწოლა უკრაინაზე და ზოგადად, ევროპის აღმოსავლეთზე:

მეგობრობის ხელი რკინის ხელთათმანით

სიტუაციის დაძაბვას წინ უძღოდა ვაშინგტონში რუსეთისა და მოსკოვში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობების მინიმუმამდე შემცირება. ეს მას შემდეგ, რაც კრემლმა ვაშინგტონიდან დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე მზვერავების გაძევებას მოსკოვში აშშ-ს საელჩოსთვის ადგილობრივი პერსონალის დაქირავებაზე უარის თქმით უპასუხა. შედეგად, მოსკოვში ვაშინგტონს 1200-ს ნაცვლად 120-კაციანი საელჩოღა შერჩა.

დაძაბულობის პარალელურად, მოსკოვმა გამოკვეთა ვაშინგტონთან დიალოგის პერსპექტიული მიმართულებები, რომლებზეც ბაიდენმა და პუტინმა ჟენევაში, ამა წლის ივნისში შეხვედრისას ისაუბრეს და შემდეგ უკვე სამუშაო დონეზე დიპლომატებმა გააგრძელეს. ეს მოიცავს აშშ ადმინისტრაციისთვის საკვანძო გლობალურ თემებს: სტრატეგიული შეიარაღებების თუ კოსმოსში შეიარაღების შეზღუდვას, კლიმატის ცვლილების საკითხებსა და კიბერუსაფრთხოებაზე თანამშრომლობას. ყველა ეს თემა ვაშინგტონში ჩინეთთან სტრატეგიული შეჯიბრის კონტექსტში განიხილება, ანუ აშშ ცდილობს, არ დაუშვას ამ თემატიკაზე რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული ღერძის შექმნა.

კრემლმა კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ამ მხრივ რუსეთს პრობლემების შექმნა შეუძლია. რუსული ანტი-სატელიტური რაკეტის გამოცდით,15 ნოემბერს მოსკოვმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი პერსონალის (მათ შორის, საკუთარი ორი კოსმონავტის) სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

რატომ ხდება: ჩათრევა ან ჩაყოლა

როგორც კრემლის მიერ გაჟონილი და ასევე, ოფიციალურად გაჟღერებული ცნობებიდან იკვეთება, მოსკოვი ცდილობს პრეზიდენტ ბაიდენთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართოს – ან ონლაინ რეჟიმში, ან პირადად, რომლის დროსაც კიბერუსაფრთხოების, გლობალური დათბობის, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის თემებზე პროგრესის ფასად, აშშ-ს მოსთხოვენ უკრაინის (და ზოგადად, რუსეთის სამეზობლოს) მხარდაჭერის შეწყვეტას.

რუსეთის დიპლომატიური კორპუსისადმი მიმართვაში, პრეზიდენტმა პუტინმა სწორედ უკრაინისა და ბელარუსის კონტექსტში საუბრისას მოსთხოვა საგარეო მინისტრ ლავროვს, უნდა მოვაღწიოთ რუსეთისათვის სერიოზული, გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ამ მიმართულებაზე, რადგან ასე არსებობა, მუდმივად ფიქრი იმაზე, თუ რა მოხდება იქ, რუსეთს არ შეუძლია.

ჩანს, ვაშინგტონშიც არსებობს წრეები, რომლებიც ამ ხედვას იზიარებენ. ცნობილი კვლევითი ორგანიზაციის, RAND Corporation-ის მკვლევარის, სემუელ ჩარაპის სტატიამ, რომელიც ძირითადად პუტინისეულ ლოგიკას იზიარებს და ვაშინგტონს უკრაინაზე ზეწოლას ურჩევს, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მსგავსი შინაარსის სარედაქციო სტატია კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა იმავე გაზეთში, პრესტიჟულ პოლიტიკოში. მსგავსივე გზავნილები გააჟღერა და რუსეთის აგრესიული განზრახვების სერიოზულობას ხაზი გაუსვა კარნეგის მოსკოვიც ცენტრის გავლენიანმა დირექტორმა, დმიტრი ტრენინმა.

რას ველოდოთ:

ვაშინგტონში, ჯერჯერობით, სამიტისათვის მზადყოფნას არ ადასტურებენ. კრემლი აცნობიერებს, რომ გლობალური სტრატეგიული საკითხები ვაშინგტონისთვის უფრო მნიშვნელოვანია და ცდილობს, მათზე თანამშრომლობის იმიტირებით, საკუთარ სამეზობლოში მოქმედებისთვის ხელები გაიხსნას.

მოსკოვის ჩვეული სტილია სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა ხარისხის შეტევების ერთ ზოგად, აბურდულ პრობლემად ქცევა, “გადამწყვეტი ბრძოლის” სახით მათი წარმოდგენა და ამ არეულობაში დასავლეთის თავისთვის სასარგებლო დათმობებზე დაყოლიება. მოსკოვისთვის ყველა თემა მაგიდაზე ერთდროულადაა და ნებისმიერი საკითხი (მაგალითად, ამერიკის დახმარება უკრაინისადმი), ნებისმიერ სხვა საკითხში (მაგალითად, რუსი დაქირავებულების ჩართულობა აფრიკაში) შეიძლება გაიცვალოს. დასავლეთის დიპლომატიური კულტურისთვის ამგვარი მიდგომა უცხო და მიუღებელია, ისინი საკითხების ერთმანეთისგან გამოყოფას და მათზე ცალ-ცალკე მსჯელობას ამჯობინებენ.

უკრაინასა და პოლონეთში სასაზღვრო კონფლიქტის შესაძლო ესკალაცია კოვიდის, ეკონომიკური და ენერგეტიკის კრიზისების ფონზე ევროკავშირის ქვეყნებისთვის განსაკუთრებით არასასურველია. არც აშშ-ს აწყობს ამ, მისთვის უკვე მეორად, ფრონტზე თავისტკივილი. ამიტომაც, მოსკოვისთვის ტაქტიკური დათმობისა და ვითარების შემდგომი გადათამაშების ცდუნება არსებობს. თუმცა, რუსულ თამაშში ჩათრევას აშშ-ში, ბევრი სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავს.

გადამწყვეტ როლს თავად უკრაინის ნების სიმტკიცე და აშშ-ის ანალიტიკური და დიპლომატიური კორპუსის შორსმჭვრეტელობა ითამაშებს. პუტინმა კი კარგად იცის, რომ უკრაინის გარშემო სახიფათო თამაშებში დრო უკვე მოსკოვის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

მასალა მომზადებულია ატლანტიკური საბჭოს, ევროპული პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის (CEPA), კარნეგის მოსკოვის ფონდის, პოლიტიკოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რუსეთის საგარეო დაზვერვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მასალებსა და საკუთარ თავზე დაყრდნობით.